მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილს მხარი არ უნდა დაეჭირა რუსეთის ინტერესებისთვის... სწორედ ამის გამოა დღეს ის დასანქცირებული - თედ ჯონასი

ტედ ჯონასი

ბიზნესიურისტი თედ ჯონასი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ინტერესებისთვის მხარი არ უნდა დაეჭირა. BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკასთან“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ სწორედ ამის გამო დასანქცირდა ივანიშვილი.

ბიზნესიურისტი აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების გავლენაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ის აშშ-ის მხრიდან დანახულია, როგორც პიროვნება, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკას აძლიერებს.

„თუ ამ ძალიან მოკლე ბრძანებას გაეცნობით, რის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილზე სანქციები გავრცელდა, თქვენ ვერ მიხვდებით, რა ტიპის სანქციები გავრცელდა მასზე და როგორ გავლენას იქონიებს ეს სანქციები. ვერ მიხვდებით იმასაც, თუ როგორ გავლენას მოახდენს ეს ივანიშვილის იმ ფულზე და დეპოზიტებზე, რაც მას ევროპაში აქვს. ამ ბრძანებაში თავმოყრილია ყველა ის რთული რეგულაცია, რომელიც ბრძანების გამოცემის შემდეგ დამტკიცდა. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აღმასრულებელი ბრძანება და შემდეგ მისი ქვე–ბრძანებები ეხება იმ ადამიანებს და კომპანიებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ვინც ეხმარებიან რუსულ სამხედრო კომპლექსს და ბაზას – ეს ერთი ჯგუფია და მეორე – ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს დააზიანოს დემოკრატია, ჩაერიოს არჩევნებში, ჩაერთოს კორუფციაში და ადამიანის უფლებების დარღვევაში, რუსეთის სასარგებლოდ. რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა ამ შემთხვევაში ის არის, რომ ბიძინა ამ ბრძანების ქვეშ დააკლასიფიცირა როგორც პიროვნება, რომელიც ეხმარება რუსეთს შეარყიოს დემოკრატია საქართველოში, დაარღვიოს ადამიანის უფლებები, რუსეთის სასარგებლოდ. ამდენად, ბიძინა ივანიშვილი დანახულია როგორც პიროვნება, რომელიც ეხმარება რუსეთს და აძლიერებს მის საგარეო პოლიტიკას. ამას ემატება ისიც, რომ მოგვიანებით აღმასრულებელ ბრძანებაში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, რუსული სამხედრო ბაზის პირდაპირი დახმარება – მაგალითად, მათთვის ჭურვების მიყიდვა, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის ან ირანის ან ჩინეთის მსგავსად, ან ირიბი – მაგალითად, რუსეთის საგარეო პოლიტიკის გაძლიერება – ისჯება იმით, რომ ამ პიროვნებებს ან კომპანიებს ეკრძალებათ ბიზნესის წარმოება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ასეთია Credit suisse-იც. ასეთია Julius Baer-იც. ადამიანმა შეიძლება თქვას, როგორ შეუძლია ამერიკას გამოსცეს კანონი, რომელიც Credit suisse-ს ან იულიუს ბაერს აუკრძალავს ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესის წარმოებას ან მისთვის ფულის გადახდას? – და აქ პასუხი ის არის, რომ ამას ამერიკა დასჯის პოლიტიკით ახერხებს – ამბობს, რომ თუ ნებისმიერი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი გადაუხდის ან გადაურიცხავს ფულს ან აწარმოებს ბიზნეს–ტრანზაქციებს, რომელიც ამ აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზეა დასანქცირებული, ამ ბანკის აქტივები შეერთებულ შტატებში გაიყინება, მისი ანგარიშები შეერთებულ შტატებში დაიხურება. ამდენად, Credit suisse და ახლა უკვე იულიუს ბაერიც ამას არ გარისკავდნენ. მათ აქვთ მილიარდობით დოლარის ბიზნესი შეერთებულ შტატებში. მათ ჰყავთ ამერიკელი კლიენტები, აქვთ ამერიკული აქტივები, ფილიალები აქვთ შეერთებულ შტატებში, ამ ბანკების ოფისები შეერთებულ შტატებში – და თუკი ისინი ბიძინა ივანიშვილს 1 დოლარსაც კი გადაუხდიან, მაშინ ისინი არღვევენ ამერიკის ბრძანებას იმიტომ, რომ მასზე ვრცელდება ამ სანქციის მოქმედება. მაშინ ისინი დაისჯებიან უკვე იმით, რომ მათი აქტივები შეერთებულ შტატებში გაიყინება. ასე მუშაობს ეს სანქციები და ბევრი ადამიანისთვის გაუგებარი რჩება, რადგან ამ ერთგვერდიან ბრძანებას თუ წაიკითხავთ, აქ აქცენტი კეთდება მხოლოდ ამერიკაში არსებულ აქტივებზე და დეპოზიტებზე“, - აცხადებს თედ ჯონასი.

ბიზნესიურისტი აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით აშშ-ის სამიზნე ამერიკაში არსებული აქტივები და ფულია, მაგრამ ამ სანქციის გავლენა ცდება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ბლოკავს საერთაშორისო ტრანზაქციებსაც სანქცირებულ პიროვნებასთან.

„ამას პირდაპირ არ აკეთებს, უბრალოდ, აფრთხილებს მაგალითად, Credit suisse – თუ გადაუხდი ამ ფულს – სხვათა შორის, ფულს, რომელიც უნდა გადაუხადონ, რადგან ვალში არიან.. რამდენადაც არ უნდა მინდოდეს ამის აღიარება, Credit suisse-მა მას ფული მოჰპარა. უფრო სწორად, Credit suisse-ის თანამშრომელმა მოჰპარა მას ფული. სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს ყველა ინსტანცია მოიგო. მაგრამ სანქცია, რომელიც ახლა ძალაშია, ბლოკავს მას ამ ფულის მიღებისგან. კარგი ამბავი ბიძინა ივანიშვილისთვის ის არის, რომ – დიახ, მათ მოგპარეს ფული და გაქვს უფლება ეს ფული უკან დაიბრუნო – ოღონდ, აქ დიდი შეცდომა დაუშვი, როცა საქართველოში რუსეთის ინტერესების მსახურება გადაწყვიტე. ჩვენ კარგად ვიცით, რას აკეთებდა ეს მთავრობა, თავად ბიძინა ივანიშვილი და სრულიად ლეგიტიმური იყო ამერიკის შეერთებული შტატებისგან იმის თქმა, რომ რასაც ქართული ოცნების მთავრობა აკეთებდა ჩვენს ქვეყანაში – არჩევნების გაყალბება, დემოკრატიის მტრობა, ადამიანის უფლებების დარღვევები, მათი პოზიცია ომზე უკრაინაში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის და ამერიკის საგარეო პოლიტიკის ვექტორს – ეს იყო რუსეთის მსახურება. ამდენად, თუ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ფულის უკან დაბრუნება სურდა Credit suisse-გან და Julius Baer-სგან, მაშინ მას მხარი არ უნდა დაეჭირა რუსეთის ინტერესებისთვის საქართველოს მიტაცების საქმეში. სწორედ ამის გამოა ის დღეს დასანქცირებული და ამის გამოა, რატომაც ვერ იღებს ის თავის ფულს“, - განმარტავს თედ ჯონასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები