მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილს პოზიტიური დაპირებების გაცემაც არ შეუძლია, მისმა სიტყვამ ფასი დაკარგა - ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის აზრით, წელს, საქართველოში, „უნდა დავასრულოთ ერთპარტიული უსასრულო მმართველობა“. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

თამარ ჩუგოშვილის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის, პირველ რიგში, თავისუფალი არჩევნები სჭირდება და ძალიან მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეების აქტივობა იყოს ძალიან მაღალი. "არჩევნების დღეს სახლში არ უნდა დავრჩეთ" - ამბობს ის.

რატომ მიიღო მმართველმა პარტიამ „რუსული კანონი“ - ძალაუფლების შენარჩუნებისთვის თუ რუსეთის დაკვეთით? - ჟურნალისტის ამ კითხვაზე პასუხად თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მისთვის მოტივაციას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შედეგი ერთია - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინა.

„ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ უსასრულოდ დარჩენის ინტერესი ემთხვევა რუსეთის ინტერესს საქართველოში“, - აცხადებს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა იმდენად გააუფასურა საკუთარი სიტყვა, რომ ვერც ის და ვერც „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ დაპირებებსაც ვერ გასცემენ.

„ისინი ქვეყანას ვერანაირ პოზიტიურს ვერ დაჰპირდებიან... დააკვირდით - ბიძინა ივანიშვილმა ამხელა სიტყვა თქვა ერთხელ, მეორედ და ერთი დაპირება არ გაუცია.

„ნაცმოძრაობას“ დავამარცხებო - გვეუბნება 12 წლის შემდეგ და კიდევ 12 წელი მჭირდება ამისთვისო... სასაცილოა. ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია არანაირი პოზიტიური დაპირება გასცეს, რადგან დამაჯერებელი აღარაა; მის სიტყვა ფასი აღარ აქვს. თვითონ დაუკარგა თავის სიტყვას ფასი. მას აღარ შეუძლია, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“, რომ რაღაც დაპირებები გასცენ. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, არის შიშის დანერგვა, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომ „ბუა“ მოვა... შიშის ეფექტურად დანერგვისთვის კი სჭირდებათ ისეთი დემოკრატიული ძალების ჩახშობა და გაჩუმება, როგორიც არის კრიტიკული მედია, არასამთავრობო სექტორი და ა.შ. „ოცნება“ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით, რადგან იცის, რომ თუ ისინი ვერ გააჩუმეს და ზიანი ვერ მიაყენეს, მათი ხაზი უპრობლემოდ ვერ გაგრძელდება. ამდენად, ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ინტერესი ემთხვევა რუსეთის ინტერესს საქართველოში, რაც საბოლოო ჯამში, აზიანებს საქართველოს და თითოეული მოქალაქის ინტერესს“, - განმარტა თამარ ჩუგოშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები