ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობის შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ივერთუბნის დასახლებაში გასულ წელს, რამდენიმე მისამართზე გზაც მოწესრიგდა.
„დასახლებაში დარჩა სხვა ქუჩებიც, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. აღნიშნული პროექტი წელს დაიგეგმა და უკვე დავიწყეთ საგზაო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, 15 ქუჩასა და ჩიხში გზის სავალი ნაწილი მოეწყობა და ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარით დაფინანსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ დასახლებაში 32 ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელები მოაწყო.
„ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წლების განმავლობაში პრობლემა იყო, არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციები იქ არ არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ 2022 წელს დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომლის შედეგადაც ეტაპობრივად ხდებოდა ყველა მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგება. კერძოდ, 2022 წელს წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა განხორციელდა, რაც დასახლების რელიეფიდან გამომდინარე, ქსელების გამართული მუშაობისთვის გახდა საჭირო. პარალელურად, იმავე წელს, წყალარინების და სანიაღვრე ქსელების მოწყობა დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.