მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისიდან საავიაციო საწვავის გაიაფებაა მოსალოდნელი - Georgian Petroleum

62bb080f3c75e
მარიამ ვარადაშვილი
29.06.22 10:50
1184
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, საავიაციო საწვავზე ფასი შემცირდა. კერძოდ, წინა კვირასთან შედარებით საავიაციო საწვავზე ფასი 2.5%-ით არის შემცირებული და მისი საშუალო ღირებულება ბარელზე თითქმის 173 დოლარს შეადგენს. ევროპის რეგიონში საწვავი უფრო ძვირი - 178 დოლარი ღირს. ბოლო თვეებში საავიაციო საწვავის ფასი მკვეთარდ გაიზარდა და წლიურმა ზრდამ 100%-საც კი გადააჭარბა.

საავიაციო ნავთობის იმპორტიორი კომპანიის Georgian Petroleum-ის კომერციული დირექტორი გიორგი ანდღულაძე ივლისიდან ფასის შემცირებას ელოდება.

“როგოც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში ადგილი ჰქონდა საავიაციო საწვავის ინდექსის საგრძნობ მატებას, რის შედეგედაც ფასები გაიზარდა, დაახლოებით, 14%-ით. როგორც წესი, ნახტომისებურ ფასთა ზრდას მოსდევს ხოლმე დასტაბილურება და მცირედი კორექტირებები. ამჯერადაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება/შემცირება არ არის ძირეული, ის აუცილებლად აისახება საქართველოს საავიაციო ბაზარზე. ჩვენი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფასთა განახლება ხდება თვეში ორჯერ და ის ავტომატურად მიბმულია ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირებულ ინდექსის საშუალო მაჩვენებელთან, შესაბამისად, 1-ელი ივლისიდან მოსალოდნელია საავიაციო საწვავის ფასის შემცირება 1%-დან 2,5%-ის ფარგლებში”, - აცხადებს ანდღულაძე BMG-სთან.

როგორც გიორგი ანდღულაძე ამბობს, ქართულ ბაზარზე ერთი ტონა საავიაციო საწვავის ფასი 1 500 დოლარი ღირს. ამასთან, საწვავი, რომელსაც ავიაკომპანიის ბილეთის ფასში ყველაზე დიდი წილი უჭირავს, საქართველოში აქციზისა და დღგ გადასახადისგან გათავისუფლებულია.
 
“დღეისათვის საქართველოში ავიაკომპანიისათვის მისაწოდებელი საავიაციო საწვავის ფასი, ლოგისტიკური, საოპერაციო და სხვა დანახარჯების გათვალისწინებით, ერთ ტონაზე არის 1,500 დოლარის ფარგლებში (~190 $/ბარელზე). საავიაციო საწვავის საბოლოო ფასი დგინდება ფორმულით, რომელიც პირდაპირ მიბმულია ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირებულ ინდექსზე (Platts), შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ხდება მსოფლიო ფასებში, პირდაპირპროპორციულად აისახება საქართველოს საავიაციო ბაზარზე. რაც შეეხება გადასახადებს, საქართველოში საავიაციო საწვავის საჰაერო ხომალდის ბორტზე მიწოდება იბეგრება ნულოვანი განაკვეთით როგორც აქციზის, ისე დღგ-ს კუთხით, შესაბამისად, აქციზი და დღგ არ მონაწილეობს ავიაბილეთის ფასწარმოქმნაში. ეს აპრობირებული მიდგომაა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. პრინციპი მომდინარეობს იქიდან, რომ საწვავის მოხმარება არ ხდება რომელიმე ერთ კონკრეტულ ქვეყანაში, ამიტომ გადასახადიც არ მიეკუთვნება იმ ქვეყანას, სადაც მისი მიწოდება მოხდა. საბოლოო ჯამში, დაბეგვრის ამგვარი სქემა ემსახურება სწორედ ავიაგადაზიდვებზე ფასების შემცირებას”, - ამბობს Georgian Petroleum-ის კომერციული ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, კომპანია საწვავს როგორც საქართველოში რეგისტრირებულ, ისე საქართველოს ავიაბაზარზე არსებულ უცხოურ ავიაკომპანიებს აწვდის.
 
“უკვე 21 წელია, რაც Georgian Petroleum საავიაციო ბაზარზე ოპერირებს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვემსახურებოდით არაერთ ქართულ ავიაკომპანიას, ასევე სამთავრობო, სამხედრო თუ სატვირთო ავიაგადამზიდავებს, მაგრამ ჩვენი ძირითადი მომხმარებლები მაინც არიან უცხოური სამგზავრო ავიაკომპანიები, როგორებიცაა: Lufthansa, Qatar Airways, Wizz Air, Fly Dubai, airBaltic, ISRAIR, Aegean Airlines, Air Arabia, Buta Airways და ა.შ. პოსტ-პანდემიურ პერიოდში შეინიშნება მნიშვნელოვანი გამოცოცხლება სამგზავრო გადაყვანებში, აღდგენილია თითქმის ყველა ის მიმართულება, რომელიც გვქონდა 2019 წელს. გარდა ამისა, ბაზარზე შემოდიან ახალი ავიაკომპანიებიც. გაზრდილი მოგზაურობების შესაბამისად მზარდია მოთხოვნაც საავიაციო საწვავზე. გასულ წელთან შედარებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს 30%-იანი ზრდის ტემპი, რაც მიგვაახლოვებს 2019 წლის მაჩვენებელთან, თუმცა რომ არა უკრაინული რეისების შეჩერება, ეს რიცხვი შეიძლება გაცილებით შთამბეჭდავი ყოფილიყო”, - აცხადებს გიორგი ანდღულაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები