მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში ფასები თვიურად 0.4%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად 5.5%-ით გაიზარდა - საქსტატი

ინფლაცია

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასები 5.5 პროცენტით არის გაზრდილი.

უწყების ცნობით, ივლისში წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია 3.5 პროცენტით განისაზღვრა.

ერთთვიან ჭრილში (2026 წლის ივნისთან შედარებით) ფასების კლებაზე ძირითადი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა იქონია. ამ ჯგუფში ფასები 0.9 პროცენტით შემცირდა, რაც თვის მთლიან ინფლაციაზე -0.3 პროცენტული პუნქტით აისახა. შემცირება ძირითადად ბოსტნეულისა და ბაღჩეულის 12.3-პროცენტიანმა, ასევე ხილისა და ყურძნის 2.8-პროცენტიანმა გაიაფებამ განაპირობა. ამავე პერიოდში 4.9 პროცენტით შემცირდა ფასები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში, საიდანაც ტანსაცმელი 6.4 პროცენტით, ხოლო ფეხსაცმელი 2.4 პროცენტით გაიაფდა. საპირისპიროდ, თვიურ ჭრილში ფასებმა 0.8 პროცენტით მოიმატა საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში, სადაც ზრდა ძირითადად საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადსა (2.3%) და მიმდინარე შეკეთებას (1.3%) უკავშირდება.

წლიურ მაჩვენებელში (2025 წლის ივლისთან შედარებით) გაძვირების ყველაზე მაღალი ტემპი ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა, სადაც ფასები 14.2 პროცენტით გაიზარდა და წლიურ ინფლაციაზე 1.66 პროცენტული პუნქტის წვლილი იქონია. ამ სექტორში 20.1 პროცენტით გაძვირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასებმა 10.8 პროცენტით მოიმატა.

წლიურ ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფსაც, სადაც ფასები 4.9 პროცენტით არის გაზრდილი და საერთო ინდექსში 1.74 პროცენტული პუნქტი შეაქვს. სურსათის პროდუქტებიდან წლიურად ყველაზე მეტად თევზეული (18.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.2%), პური და პურპროდუქტები (8.1%), ზეთი და ცხიმი (7.6%), ასევე ყავა, ჩაი და კაკაო (6.4%) გაძვირდა. ერთადერთი ქვეჯგუფი სურსათში, სადაც წლიური გაიაფება დაფიქსირდა, ბოსტნეული და ბაღჩეულია (-5.7%).

გარდა ამისა, წლიურ ჭრილში 8.3 პროცენტით გაიზარდა ფასები საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში, სადაც ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ფასმა 10.4 პროცენტით მოიმატა. ჯანმრთელობის დაცვის სექტორში წლიურმა ფასების ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა, რაც სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების 7.7-პროცენტიანმა გაძვირებამ განაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები