ჯასტინ ტიმბერლეიკი, რომელიც 23 ივლისს საქართველოს Starring Georgia-ს სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ეწვევა, 27 ივლისს კონცერტს აზერბაიჯანში, კერძოდ, ბაქოშიც გამართავს.
როგორც აზერბაიჯანული მედია Trend Life იტყობინება, 27 ივლისს ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ტიმბერლეიკის კონცერტი iTicket Production-ისა და DREAM Group International-ის ორგანიზებით ჩატარდება.
ვარსკვლავი ბაქოს "The Forget Tomorrow" ტურის ფარგლებში პირველად ეწვევა. ბილეთების გაყიდვა კი 14 აპრილიდან, ვებგვერედზე iTicket.az, 12:00 საათიდან დაიწყება.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი საქართველოში დინამო არენაზე გაიმართება. ბილეთების წინასწარი გაყიდვები 7 აპრილს, გაყიდვები კი 8 აპრილიდან დაიწყო და Black Sea Arena-ს ინფორმაციით, ყველა, 55 000-ვე ბილეთი 6 საათში გაიყიდა. ბილეთების ფასი 125-დან 1400 ლარამდე მერყეობდა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერების მიზნით, კამპანია Starring Georgia 2023 წამოიწყო.
სახელმწიფო სუბსიდირებით დაგეგმილ კამპანია Starring Georgia-ზე 2 წლის განმავლობაში - 2023 – 2024 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო. მაშინდელი პრემიერი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ გასულ წელს კონცერტებიდან სახელმწიფო 100 მლნ ლარზე მეტის შემოსავალს ელოდა.




























