ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ივლისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტები გამოავლინეს. შემოსავლების არასწორ დეკლარირებით ოთხმა მეწარმემ ჯამში 865 904 ლარის გადასახადს აარიდა თავი.
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ოთხი მეწარმე სუბიექტის მიმართ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მათ თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს - ჯამში 865 904 ლარის ოდენობით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.




























