ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ირაკლი ბერაიას ორი ახალი მოადგილე ჰყავს.
უწყების ინფორმაციით, მის მოადგილეებად იოსებ ვარძელაშვილი და გიორგი გელაშვილი დაინიშნენ.
იოსებ ვარძელაშვილს, ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა ეკავა. ის საქმიანობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელ პოზიციებზე. იოსებ ვარძელაშვილი არის სამართლის დოქტორი და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.
გიორგი გელაშვილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, მუშაობდა საქართველოს სპორტის სამინისტროში. მას წლების განმავლობაში ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები, როგორც სამართალდამცავ უწყებებში, ასევე კერძო სექტორში. გიორგი გელაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
პრესრელიზის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მოადგილეები უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. ირაკლი ბერაიამ, ყოფილ მოადგილეებს, ვახტანგ ფარესიშვილს და მირიან მჭედლიშვილს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ახალმა მოადგილეებმა უწყების თანამშრომლებს მომავალი საქმიანობის ხედვები გააცნეს.
შეგახსენებთ, ირაკლი ბერაია თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2025 წლის 2 აპრილის ბრძანებით დაინიშნა. მან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტზე სოსო რამიშვილი შეცვალა.




























