ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში BMG-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს. საფუძველი კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვა გახდა. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
TSQ Investment Group მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ვაჭრობასთან დაკავშირებულ შემოსავალს სთავაზობს. მასში საქართველოს ათასობით მოქალაქეა ჩართული. გასული დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მომხმარებლები თანხის გატანას ვერ ახერხებდნენ.


























