მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 7%-ით გაძვირდა

5f3e611115759
BM.GE
20.08.20 15:38
874
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 %-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.0 %-ით გაიზარდა. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი აჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება ან იაფდება კომპანიებისთვის სამრეწველო პროდუქციის წარმოება.

ივლისში გასულ თვესთან შედარებით ფასები 4.6 %-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.27 % -ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (5.6 %). ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე (2.1 %), რამაც 0.19 %-ით შეიტანა წვლილი ინდექსის ცვლილებაში.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

⦁ დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 7.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.92 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (10.6 %), სასმელები (5.5 %), სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (10.3 %) და ძირითადი ლითონები (5.2 %);
⦁ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 20.5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (33.2 %). როგორც ჩანს, ლითონის მადნებზე ფასის ზრდა მასზე, როგორც საექსპორტო საქონელზე მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია;
⦁ ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 0.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.04 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
მიმდინარე წელს ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაისის თვეში დაფიქსირდა, როდესაც სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12.7 % - ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები