მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ბანკების აქტივები 2%-ით, 49.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

5f1ebef709c7d
შოთა ტყეშელაშვილი
27.07.20 16:45
887
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასული თვის განმავლობაში, ქვეყანაში მოქმედი 15 კომერციული ბანკების აქტივები გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 2%-ით გაიზარდა და მან 49.3 მილიარდ ლარს მიაღწია.

რაც შეეხება ბანკების მიერ გაცემულ სესხებს, ის ივნისში 0.79%-ით გაიზარდა და 33.8 მილიარდ ლარს მიაღწია. 

"ივნისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 195.12 მლნ ლარით (1.36%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 578.73 მლნ ლარით (2.91%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.38%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით - 4.46 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.28%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 11.82 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.91%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.37%-ით მეტი) ჰქონდათ გაცემული.

2020 წლის ივნისის განმავლობაში 0.06%-ით, ანუ 9.39 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 16.71 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.91 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 1.05 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.24 პროცენტული პუნქტით)," - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში. 

დეპოზიტების მიმართულებით კი წინა თვის განმავლობაში ნახევარ მილიარდზე მეტად გაიზარდა საბანკო სექტორში არსებული დეპოზიტების მოცულობა. 

"საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი ივლისისათვის 28.77 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 549.44 მლნ ლარით, ანუ 1.95%-ით მეტია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.30%-ით მეტი). ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 291.09 მლნ ლარით, ანუ 2.24%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.72%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 258.35 მლნ ლარით, ანუ 1.70%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.95%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 38.59 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 2.68 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.80 პროცენტული პუნქტით).

ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.18% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.67%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.57%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.46%, ხოლო ევროს წილმა 14.18% შეადგინა", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები