Galt & Taggart-ის პროგნოზით, ოქროს ფასი მაღა ნიშნულზე შენარჩუნდება. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში წერია, რომ მსგავსი გეოპოლიტიკური და მოთხოვნის წამახალისებელი ფაქტორების განგრძობითობის შემთხვევაში, მისი ფასი შემდეგ კვარტალშიც მაღალ ნიშნულზე უნდა შენარჩუნდეს.
მე-2 კვარტალში ოქროს ფასი 5.7%-ით გაიზარდა, რაც მისი როგორც უსაფრთხო აქტივის სტატუსს კიდევ უფრო ამყარებს. აპრილის დასაწყისში ოქრომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და ერთ უნციაზე $3,500-ს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ფასის მცირედი კორექცია მოხდა, ივნისში ის კვლავ მაღალ ნიშნულზე - $3,200-3,300 დიაპაზონში ივაჭრებოდა. ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ცენტრალური ბანკების მხრიდან ძლიერი მოთხოვნა იყო. რეზერვების დივერსიფიკაციის ტრენდი კვლავ გრძელდება და 2025 წელს როგორც ჩანს, ზედიზედ მე-4 წელი იქნება, როდესაც ისინი 1 000 ტონაზე მეტ ოქროს შეიძენენ.
ამას ხელს უწყობს დედოლარიზაციის მოთხოვნა და გეოპოლიტიკური რისკების ჰეჯირება. პრეზიდენტ ტრამპის არაპროგნოზირებადი პოლიტიკა და ფედერალურ რეზერვთან დაპირისპირება ასუსტებს დოლარის ნდობას. აშშ-ის გრძელვადიან ფისკალურ მდგომარეობაზე მზარდმა გაურკვევლობამ, მათ შორის, მაღალი ვალისა და დეფიციტის მოლოდინმა, ასევე უბიძგა ცენტრალურ ბანკებს ოქროსკენ.
მოთხოვნა ძლიერი იყო ინვესტორების მხრიდანაც. ახლო აღმოსავლეთში ივნისში გამწვავებულმა კონფლიქტმა და სავაჭრო ომის მუდმივმა შიშმა რისკების მიმართ მგრძნობელობა კიდევ უფრო გაზარდა. ინვესტორები ოქროს მიიჩნევენ ჰეჯირების საშუალებად, როგორც გეოპოლიტიკური რყევების, ასევე ეკონომიკური სისუსტის დროს. კვარტლის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ შესაძლოა აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ახლოვდებოდეს, რამაც ოქროს დამატებით ზრდაში უნდა შეუწყოს ხელი. რეკორდულმა ფასებმა ოქროს სამკაულის მოხმარება შეამცირა. ჩინეთსა და ინდოეთში (ტრადიციულ მომხმარებლებში) ფასებისადმი მგრძნობელობა გაიზარდა.
2025 წელს გლობალურად სამკაულის წარმოება სავარაუდოდ, 16%-ით შემცირდება. თუმცა ეს კლება სრულად კომპენსირდება ინვესტორებისა და ცენტრალური ბანკების მხრიდან გაძლიერებული მოთხოვნით.



























