მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქროს ფასი, სავარაუდოდ, კვლავ გაიზრდება - Galt & Taggart

ოქროს ფასი

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ი საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს გაძვირებას მომავალშიც პროგნოზირებს. ამის შესახებ ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

„მოთხოვნის დინამიკისა და არსებული გეოპოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, ოქროს ფასის ზრდა, სავარაუდოა, რომ კვლავ გაგრძელდება. UBS-ის მიხედვით, ოქროს ღირებულებამ 2025 წლის შუისთვის $2,700-ს უნდა მიაღწიოს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

პუბლიკაციაში აგვისტოს ფასებია მიმოხილული, რა დროსაც ოქროს ფასი თვიურად 2.3%-ით გაიზარდა და ერთი უნცია ოქრის ღირებულებამ 2 503 დოლარს მიაღწია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 13 ოქტომბრის საერთაშორისო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და უნცია მეტალის ღირებულებამ 2,570 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

Galt & Taggart-ში განმარტავენ, რომ ოქროს ფასის ახალი რეკორდული ნიშნულები უკვე ჩვეული მოვლენაა ბოლო თვეების განმავლობაში, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამჯერად სიტუაცია ცოტა განსხვავებულია.

„მაშინ როცა, 20-თვიანი ზრდის მთავარი აქტორები ცენტრალური ბანკები და აზიელი ინვესტორები იყვნენ, ახლა უკვე დასავლელი ტრეიდერებიც შეუერთდნენ მომენტუმს. ოქროს ფასის ზრდა $2,300-დან $2,500-მდე, ძირითადად, ევროპელი და ამერიკელი ინვესტორების მიერ იყო ნაკარნახები, რომლებიც საკუთარ პორტფოლიოს დივერსიფიკაციას ძვირფასი მეტალით ცდილობდნენ, საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი კლების ფონზე. დაბალი განაკვეთები ოქროს მეტად მიმზიდველს ხდის, ვინაიდან დაბალპროცენტიან სახაზინო ობლიგაციებთან უფრო კონკურენტული აქტივი ხდება. შესაბამისად, ინვესტორები ელოდნენ ცხად სიგნალს, რომ განაკვეთების შემცირება ახლოვდებოდა. გასულ თვეში მსგავსი სიგნალი ფედერალური რეზერვის მმართველის განცხადება გახდა, რომ „დრო დადგა“ საპროცენტო განაკვეთებმა კლება დაიწყოს.

Fed-ის შეხვედრა 17-18 სექტემბერს არის ჩანიშნული, ბაზარი კი 25 საბაზისო პუნქტიან შემცირებას ელის. მიუხედავად იმისა, რომ ფასი მუდმივად იზრდებოდა, წლის დასაწყისში ოქროს ETF-ებიდან თანხის გადინება ფიქსირდებოდა. ეს, თავის მხრივ, იმის შედეგია, რომ ინვესტორები ბირჟის აქტივებს ფიზიკურ ოქროში ინვესტირებას ამჯობინებდნენ. თუმცა როგორც ჩანს, გადინების ტრენდი მიმდინარე წლის ივნისიდან შეიცვალა - ETF-ებში ზედიზედ მეორე თვეში დაფიქსირდა ინვესტიციების ზრდა.

დამატებით, დივალის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად გაუმჯობესდა მოთხოვნა ინდოეთში. სავარაუდოა, რომ ოქროს იმპორტი ინდოეთში ამ პერიოდში გაიზრდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იმპორტის გადასახადზე შეღავათებია გამოცხადებული. წლის დასაწყისიდან ოქროს ფასი 21.3%-ით არის გაზრდილი“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები