ივნისში წინა თვესთან და გასული წლის ივნისთან შედარებით პროდუქციის წარმოება გაძვირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, ივნისში წინა თვესთან შედარებით ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3%-იანი მატება.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 13.8%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (18.1%);
• დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 1.6%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.31 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (3.7%) და სასმელებზე (2.5%);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 8.3%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.86 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
2025 წლის მაისთან შედარებით ფასები 1.8%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.12 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.3%), რამაც 0.25 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.7%). გარდა ამისა, ფასების 0.1%-იანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.01 პროცენტული პუნქტი შეადგინა.




























