მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში რაჭასა და ბოლნისში ღვინის ფესტივალს ჩავატარებთ - „მ7“

6453871f0ee4e
ნანუკა ნარიმანიძე
07.05.23 21:30
788
მეღვინეობა „მ7“-ის თანაორგანიზებით 15 და 17 ივნისს ბოლნისსა და რაჭაში ღვინის ფესტივალი ჩატარდება - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ბექა კოკაიამ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ქართული ღვინის გაყიდვების 80%-ზე მეტი კახეთზე მოდის, ვფიქრობთ, რაჭას, ლეჩხუმს, სამეგრელოს, გურიას და სხვა კუთხეებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, სწორედ ამიტომ, 15 ივლისს რაჭაში, ამბროლაურის აეროპორტში ღვინის ფესტივალს ჩავატარებთ, სადაც ძალიან ბევრ უცხოელ ტურისტს ჩამოვიყვანთ და გამოვფენთ ქართულ და რაჭულ ღვინოებს. ადგილობრივ მეღვინეებსა და მევენახეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიცნონ პოტენციური პარტნიორები, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ბაზრებიდან. რაც შეეხება 17 ივნისის ფესტივალს, ის ჩატარდება ბოლნისის გერმანულ უბანში, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით წარმოებული ადგილწარმოშობის ღვინოები, როგორც მცირე ასევე მსხვილი მარნებიდან“, - განმარტავს ბექა კოკაია.

აღსანიშნია ისიც, რომ 17 ივნისის ღვინის ფესტივალზე ჩატარდება კონკურსი, რომლის ფარგლებშიც კომისიის ქართველი და ამერიკელი წევრები დააგემოვნებენ ღვინოებს და 9 საუკეთესო ღვინოს დაასახელებენ. ამასთან, ბექა კოკაია საქართველოს ბაზარზე არსებულ ღვინის სახეობებზეც საუბრობს.

„ჩვენი ბრენდის ქვეშ ამ ეტაპზე ექვსი სახეობის ღვინო გვაქვს - მუსკატი, შარდონე, ხიხვი, მწვანე, მცვივანი და ახალი დამატებული - ვარდისფერი რქაწითელი, ეს არის ძველი გაცოცხლებული ჯიში, რომელსაც მდიდარი და განსხვავებული არომატები აქვს. ბოლო პერიოდია მცირე და მოზრდილმა მარნებმა მივიწყებული ჯიშების აღმოცენებაზე დაიწყეს მუშაობა, რაც ძალიან მახარებს, რადგან საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ კუთხით.

მისივე თქმით, საქართველოს 500-ზე მეტი ჯიშის ყურენი აქვს, ბაზარზე კი მხოლოდ 70-80 პოზიციონირებს, აქედან 4-5 არის დომინანტი, სწორედ ასეთი დისბალანსის გამო დასაბრუნებელია ძველი და უცხო ჯიშები საქართველოს ბაზარზე. მეღვინეობა „მ7“ 4 წლის წინ დაარსდა, მარანი ახალსოფელში, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობს, ბრენდის ღვინო ნიშურად მხოლოდ ღვინის მაღაზიებშია წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები