მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ივნისში ზეთი დაახლოებით 1 ლარით გაძვირდება“ - იმპორტიორი კომპანია

629777221605a
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.22 00:00
1896
რუსეთმა დღეიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი 372.2 დოლარიდან 525 დოლარამდე გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნია, რომ რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი გასული წლის სექტემბრიდან ამოქმედდა და პერიოდულად იზრდებოდა. ივნისში კი 1 ტონა მზესუმზირის ზეთზე ექსპორტის ბაჟი 152.8 დოლარით გაიზარდა.

აღსანიშნია, რომ საქართველოს ზეთის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ რუსეთიდან 3.9 მლნ დოლარის ღირებულების 2 504 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. (2021 წლის იანვარ-აპრილი - 16.8 მლნ დოლარი, 11 831 ტონა).

BM.GE დაინტერესდა რამდენად აისახება რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გაზრდილი გადასახადი იმპორტირებული პროდუქტის ფასზე და რამდენით გაძვირდება დახლზე ზეთის ფასი. ამ კითხვებით ზეთის იმპორტიორ კომპანია „ალფას“ დირექტორს ირაკლი ციხისთავს მივმართეთ, რომელიც ამბობს, რომ ივნისში ზეთის იმპორტის შემდეგ პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 10%-მდე გაძვირდება.

„საექსპორტო გადასახადის ზრდა, რა თქმა უნდა, დახლზე ზეთის ღირებულებას გაზრდის. ივნისში იმპორტირებული ზეთის ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. დღეს 1 ლიტრი ზეთის ღირებულება 9 ლარია, საექსპორტო ფასის გავლენით ზეთის 1 ლარით გაძვირდება“, - ამბობს იმპორტიორი კომპანიის დირექტორი.

ცნობისთვის: კომპანია „ალფა“ მზესუმზირის ზეთის იმპორტს „ბარაქა“ ბრენდით ახორციელებს და თვეში 500-600 ტონა ზეთი შემოაქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები