“კოკორინა” გაფართოებას გეგმავს. საოჯახო ფერმა, რომელიც ამ დროისთვის 1 000 - მდე იხვს, 70-მდე ინდაურსა და კურდღელს, ასევე მცირე რაოდენობით მწყერს აერთიანებს, იხვის რაოდენობას მინიმუმ 10 000 - მდე გაზრდის.
როგორც “კოკორინას” დამფუძნებელმა ეთო კაპანაძემ bm.ge-ს განუცხადა, პროექტ “შარქ თენქში” მოპოვებული 150 000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, კომპანია დიდი საწარმო გახდება, სადაც იხვის პაშტეტისა და შებოლილი იხვის წარმოებას, ასევე ბუმბულის გაადამუშავებას დაიწყებენ.
მისივე თქმით, “კოკორინა” საქართველოს ბაზრით არ დაკმაყოფილდება და სამომავლოდ პროდუქტს ექსპორტზეც გაიტანს.
“თავდაპირველად დიდ წარმოებაზე გათვლა არ გვქონდა. შემდგომ უკვე საქმიანობას ბიზნესის კუთხით შევხედეთ და გაფართოების იდეაც გაგვიჩნდა. მოზიდული ინვესტიციით, “კოკორინა” დიდ საწარმოდ იქცევა, სადაც სხვდასხვა პროდუქტის მასობრივ წარმოებას დავიწყებთ. ახლაც ბევრი შეკვეთა გვაქვს, თუმცა ამ წარმადობით ბაზარს სრულიად ვერ ვაკმაყოფილებთ, სამომავლოდ კი უკვე რესტორნებთანაც შევძლებთ თანამშრომლობას.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში იხვის ხორცს ისეთივე მასშტაბით არ მოიხმარენ, როგორც სხვა ქვეყნებში, ვფიქრობ, ბაზრის მოძიებას მაინც შევძლებთ. ამასთან, მხოლოდ საქართველოს ბაზრით არ შემოვიფარგებით და პროდუქტს ექსპორტზეც გავიტანთ” - ამბობს “კოკორინას” დამფუძნებელი.
ცნობისთვის: დიდ ლილოში მდებარე საოჯახო ფერმა “კოკორინა”, ამ ეტაპზე მომხარებელს მცირე რაოდენობით ემსახურება და კვერცხს, შებოლილ ხორცსა და დაკლულ ფრინველს, როგორც ფერმიდან ასევე ონლაინპლატფორმების საშუალებით ყიდის.