მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იყო შემთხვევა, როცა "კომენდანტის საათის" გამო, ტურისტებმა ჩამოსვლა ინანეს - სასტუმრო "აისი"

60c7417d964ed
ინგა მურუსიძე
15.06.21 19:55
962
1 თებერვლიდან საქართველოს საჰაერო სივრცე გაიხსნა. 1 ივნისიდან კი - სახმელეთო და საზღვაო საზღვარი. ქვეყანაში პირველი ტურისტებიც უკვე გამოჩნდნენ, თუმცა როგორც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, უცხოელ ვიზიტორებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის როგორც ე.წ. კომენდანტის საათი, ისე 72 საათში ერთხელ სავალდებულო PCR-ტესტი.

„სტუმრები გვყავს, თუმცა მათთვის სერიოზული დისკომფორტია "კომენდანტის საათი" და 72 საათში ჩასატარებელი PCR-ტესტი. მათ უჭირდათ შაბათ-კვირას დაკეტილ რესტორნებთან შეგუებაც და გვიხარია, რომ ეს შეზღუდვა მოიხსნა. იყო შემთხვევა, როცა ჩვენმა სტუმრებმა სწორედ "კომენდანტის საათის" გამო თქვეს - ნეტა, არ ჩამოვსულიყავითო“, - გვიყვება ბათუმში მდებარე სასტუმრო „აისის“ მენეჯერი მარიამ ბოლქვაძე, თუმცა მისი ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, სასტუმრო უკვე 90%-ით არის დატვირთული.

"სტუმრებს შორის გვყავს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაინტერესება, ძირითადად, უკრაინიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და არაბული ქვეყნებიდან არის, თუმცა ჯავშნები ძალიან არასტაბილურია. შეიძლება დაჯავშნონ და მოგვიანებით გააუქმონ“, - განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა და ისიც აღნიშნა, რომ დატვირთულობის მიუხედავად, შემოსავლებმა მოიკლო, ხოლო ხარჯები გაიზარდა.

„გაიზარდა ხარჯები, რაც კოვიდ-რეგულაციების კარგად შესრულებას უკავშირდება. ამ საკითხს პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ყველა რეგულაციას დეტალურად ვიცავთ. გარდა ამისა, ძალიან შევამცირეთ ფასები, რომ ტურისტები დავაინტერესოთ. მაგალითად, 250-ლარიანი ნომერი 200 ლარი ღირს, 150-იანი - 100 ლარი ა.შ. გვაქვს ძვირიანი ნომერიც, რომელიც 300 ლარი ღირს, თუმცა მასზე მოთხოვნა იშვიათია; უმეტესად 80-100-120-ლარიანი ნომრები ქირავდება“, - ამბობს „აისის“ მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები