მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეგიონს და ქვეყანას ტურისტების მიღება გამოწვევების ფონზე უწევს“ - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოლოდინები

64ae9982495b8
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.23 01:00
647
აჭარის ა/რ-ის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის შეფასებით, რეგიონს და ქვეყანას ტურისტული ნაკადების მიღება გამოწვევების ფონზე უწევთ. თუმცა ტურიზმის მაჩვენებლები წელს გაორმაგებულია. ამის შესახებ თინათინ ზოიძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ტურისტული სეზონის მოლოდინებს შეეხებოდა.

„ტურიზმი ძალიან მგრძნობიარე სფეროა და მასზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს, მიუხედავად ამისა სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად ახერხებს იმას, რომ ქვეყნის იმიჯი სტაბილური იყოს და იმ ტურისტული პროდუქტების სათანადო პოზიციონირება მოხდეს, რომელიც რეგიონს აქვს. მიმდინარე წელი კარგად დაიწყო, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და მოგზაურების რაოდენობა გაორმაგებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და ვემზადებით არაერთი საერთაშორისო ღონისძიებისთვის.

ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე წლის მონაცემებით, 2022 წელთან შედარებით მატება გვაქვს და მატება გვაქვს ასევე 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

რეგიონს და ქვეყანას ტურისტული ნაკადების მიღება გამოწვევების ფონზე უწევთ. საიმიჯო კამპანიები, ყველა სამიზნე ბაზარზე აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა თინათიც ზოიძემ.

მისივე თქმით, რეგიონის ქვეყნებიდან ვიზიტები ჭარბობს, თუმცა წელს ისეთი მიმართულებებია გააქტიურებული, როგორიცაა ისრაელი, ბალტიისპირა ქვეყნები.

„საქართველოს საზღვრის კვეთა რეგიონის ქვეყნებიდან მეტია, თუმცა უნდა აღინიშნოს მატება ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიც არიან ისრაელი 13%-იანი მატებით, ასევე გალფის ყურის ქვეყნებიდან, საიდანაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი ფრენები ხორციელდება, მატებაა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, საიდანაც 31 ივლისიდან ვილნიუსიდან დაიწყება პირდაპირი ფრენების ბათუმის აეროპორტში. ყველა მნიშვნელოვანია სამიზნე ბაზარი, სადაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით და პროექტები გვქონდა დაგეგმილი წარმატებით მიმდინარეობს“, - უთხრა მან BMG-ის.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, აჭარაში წელს 4 მლნ ვიზიტორის მიღების მოლოდინი აქვთ, რომლის სწორი გადანაწილებისთვის მაღალმთიან აჭარაში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.

„როდესაც აჭარაში 4 მლნ ტურისტული ვიზიტი ხორციელდება, ნაკადების სწორი გადანაწილება საჭირო, რისთვისაც ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციაა მნიშვნელოვანია. აჭარის მთები ის ტურისტული მიმართულებებია, რომლის განვითარებაზე აჭარის მთავრობა აქტიურად მუშაობს. ყველა მუნიციპალიტეტში არაერთი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ნაწილი დასრულდა, ნაწილი კი წელს ან მომავალ წელს დასრულდება. წელს დავასრულებთ ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მშენებლობას... ისპანის ტორფნარზე ბილიკის სამუშაოების მეორე ფაზა მიმდინარეობს, კოშკურაზე გამოცხადდა ტენდერი და მშენებლობა იწყება, აქტიურად იგეგმება ჭვანის პროექტი და გამოცხადდება ტენდერი; გამოცხადდა და შედგა ჩირუხის მთაზე ორზოლიანი ზიპლაინის მშენებლობაზე და მაღალმთიან აჭარას 25 მარკირებული ტურისტული პროდუქტი აქვს თავისი მარშრუტებით, რომელიც ვიზიტორებს ჩვენთან მოგზაურობას გაუადვილებს.
ამ მიმართულებით მოთხოვნა დიდია და ჩვენი პროექტები სამიზნე ქვეყნების ინტერესებზეა მორგებული. მაგალითისთვის, თუ 2015 წელს 176 ვიზიტი ფიქსირდებოდა კონკრეტულ მარშრუტებზე, 2022 წელს ეს რიცხვი უკვე 40 000 ვიზიტს აღემატება“, - აღნიშნა ზოიძემ.


ცნობისთვის, ბათუმში FIABCI უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი 2023 იმართება, სადაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონში მიმდინარე მდგრადი ტურისტულ პროექტებით იყო წარდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები