უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილის მიერ დღეს გაჟღერებულ საკანონმდებლო ინიციატივებს.
ზურაბიშვილის შეფასებით, ეს ნაბიჯი ემიგრანტების საარჩევნო უფლების შეზღუდვას, ქვეყნის იზოლაციას და ჩაკეტვას ნიშნავს.
"უარი ბოლონიის პროცესზე! უარი Erasmus-ის პროგრამებზე - “სტუდენტებმა აქ ისწავლონ “
უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე - “აქ დაბრუნდნენ და ხმა აქ მისცენ!
“ იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი!
სსრკ სხვა კი არაფერი იყო !!!", - დაწერა ზურაბიშვილმა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ „ქართული ოცნება“ მუშაობას იწყებს ახალ საარჩევნო კოდექსზე, რომლის ცვლილებების მიხედვითაც, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემას მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე შეძლებენ.
გარდა ამისა, ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი უქმდება, ხოლო ბიზნესომბუდსმენის აპარატი 2026 წლის 1 იანვრიდან ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებში გააგრძელებს მუშაობას.




























