კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი მარინა გულედანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის და იზოლაციის მძიმე ეკონომიკური ეფექტები კიდევ უფრო საგრძნობი მომდევნო თვეებში გახდება. მან ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.
„ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში რაც მოხდა რიცხვებში ჯერ არ ვიცით და კიდევ უფრო მძიმე იქნება ის, რაც მოხდება მომდევნო თვეებში. ეს ძალიან თვალსაჩინოა, ახლა უკვე მოსახლეობა ამას თავის თავზე გრძნობს. მცირე და საშუალო ბიზნესი ცალსახად გრძნობს და უშუალოდ ოჯახები კიდევ უფრო მწვავედ იგრძნობენ შემდეგ თვეებში. ზოგადი რეზიუმე ისაა, რომ ძალიან უარყოფითი ეფექტი ექნება იზოლაციას, რომელიც ამ პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვა და რომელიც არაფრით არ დეესკალირდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფონზე, მიმდინარე დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში“,- აღნიშნა გულედანმა.
ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე საუბრისას მან გარე შოკების კონტექსტში უკრაინაში ომზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და აქედან მომდინარე გაურკვევლობა ემატება. მარინა გულედანის განმარტებით, ქვეყანაში დეესკალაციამდე, პროგნოზების გაკეთება რთულია.
„რუსეთ-უკრაინის ომის ბედი მნიშვნელოვანია, როგორც გავლენა იმაზე, რა მოხდება ჩვენს ეკონომიკაში. ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ზრდა გვქონდა, რომელიც უკვე შენელდა, ესაა ფულადი და საემიგრაციო ნაკადები, რომლებიც თან ახლდა ომს. როგორც კი ამის რევერსია მოხდება, რაც არ ვიცით როდის იქნება, ზრდის პროგნოზი შეიცვლება.
პოლიტიკურ კრიზისს რომ დავუბრუნდეთ, არ ვიცით, როდის მორჩება. რაც უფრო დამძიმდება სიტუაცია და რაც უფრო დიდხანს არ გვეცოდინება, რომელ პოლიტიკას მივყვებით, იზოლაციას და დასავლური ვექტორიდან ჩამოშორებას თუ პირიქით, ვუბრუნდებით დემოკრატიულ ჩარჩოებს და ახალი არჩევნები ინიშნება, ამასთან პირდაპირ და ფუნდამენტურადაა დაკავშირებული ის, თუ როგორ შეიძლება გადარჩეს ჩვენი ეკონომიკა. დღევანდელი პერსპექტივიდან ეს გაურკვეველია და გაურკვევლობა ცალკე, როგორც ფაქტორი, მუშაობს ყველა მაკროეკონომიკურ პარამეტრზე, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე, ლარის კურსზე, აბსოლუტურად ყველაფერს გადაეცემა. სამწუხაროდ, სანამ მთავარი პრობლემა არ დარეგულირდება და დეესკალაცია არ მოხდება, მანამდე არაფერი გვეცოდინება და არანაირი პროგნოზი ჩემთვის პროგნოზი არაა“,- ამბობს კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი.