ბიზნესმა კადრების მოძიების პროცესი გაააქტიურა. PMCG-ის მონაცემებით, სექტემბერში jobs.ge-ზე 8,737 ვაკანსია გამოქვეყნდა. ვაკანსიების რაოდენობა 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 20 %-ით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით კი თითქმის 5%-ით გაიზარდა წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიამ აჩვენა, სადაც ზრდა 50%-ია. ყველაზე დიდი კლება ლოგისტიკისა და დისტრიბუციის კატეგორიაშია, თითქმის 4%.
საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე ამბობს, რომ ზრდა ზაფხულის შედარებით ნაკლებად აქტიური პერიოდის შემდეგ ბაზრის გააქტიურების შედეგია და ის რაიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლის ბრალი არ არის. მედეა ტაბატაძე აცხადებს, რომ განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა ფიზიკური სამუშაოების შემსრულებელ კადრებზე, უფრო კონკრეტულად მშენებლებზე, ტაქსის მძღოლებზე და კურიერებზე.
“ტექნოლოგიური ტალანტის მოთხოვნის გარდა, ძალიან იზრდება ფიზიკური სამუშაოების შემსრულებლებზე მოთხოვნა. მაგალითად, მშენებლობების ინდუსტრია ითხოვს, რითეილი, რითეილერი, ძალიან არის გაზრდილი ასევე მოთხოვნა ტაქსის მძღოლებზე და კურიერებზე.
ძალიან გაზრდილია მოთხოვნები გაყიდვებზე, ციფრულ მარკეტერებზე, რომელმაც ქვეყნის გარეთ გაყიდვებზე უნდა იმუშაოს. ტრადიციულად მაღალია მოთხოვნა ტექნოლოგიებზე და IT სფეროზე, თუმცა აქ სტრუქტურა შეიცვალა, უფრო მონაცემების ანალიტიკოსებზე და ბიზნესის ანალიტიკოსებზეა გაზრდილი მოთხოვნა და რა თქმა უნდა, აპლიკაციებიც არის დეველოპერებზე. ეს ციფრული ტრანსფორმაციის შედეგია და ყველა ცდილობს, რომ ამ პროცესში ჩაებას. გაზრდილი არის ბიზნესის მხრიდან ვაკანსიების გამოცხადება, მაგრამ ამ ზრდას დინამიკაში დაკვირვება ნამდვილად სჭირდება. გადაწყვეტით ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს არის ეკონომიკის აღორძინების თუ ადუღების გაგრძელება. ამისი თქმა, ჩემი აზრით, არასწორია.”-ამბობს საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი მედეა ტაბატაძე.




























