მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Jaguar-ისა და Land Rover-ის მფლობელი კომპანია UK-ში ელექტრობატარეების ქარხანას ააშენებს

64b6d93b3d730
გიორგი არონია
19.07.23 00:15
484

ისტორიული ბრიტანული ავტომწარმოებელი კომპანიების, Jaguar-ისა და Land Rover-ის მფლობელი ინდური კომპანია, Tata Group-ი გაერთიანებულ სამეფოში ელექტრობატარეების ქარხანას ააშენებს, - ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ქარხნის სწორედ გაერთიანებულ სამეფოში მშენებლობისთვის, ქვეყნის ხელისუფლებამ ინდურ კონგლომერატს რამდენიმე მილიონი გირვანქა სტერლინგის მოცულობის სუბსიდიები გამოუყო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Jaguar-ისა და Land Rover-ის დედა-კომპანიის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია იქნება, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საავტომობილო ინდუსტრიაში გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ ჩაიდო, როცა სანდერლენდში იაპონური Nისსან-ის ქარხანა აშენდა. გამოცემის ინფორმაციით, ახალ ქარხანაში ცხრა ათასი ადამიანი დასაქმდება და ამასთან, ქვეყნის საავტომობილო ინდუსტრიასაც ნახშირბადნეიტრალურ ტექნოლოგიებზე გასავლისთვის ერთგვარ ბიძგს მისცემს.

ინდური კომპანიის ახალი ქარხანა ინგლისის სამხრეთში, სომერსეტში განთავსდება და იქ, Jaguar-ისა და Land Rover-ის უახლესი ელექტრომობილებისთვის საჭირო ბატარეებს შექმნიან. საინტერესოა, რომ გაერთიანებული სამეფოს გარდა, ახალი ქარხნის ასაშენებლად Tata Group-ი ესპანეთსაც განიხილავდა, მაგრამ, როგორც BBC წერს, გადამწყვეტი როლი სწორედ მთავრობის მიერ შეღავათების შეთავაზებულმა პაკეტმა ითამაშა, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ნაღდი ფულის გრანტებს, ასევე ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას და კვლევების დაფინანსებას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Tata Group-ი, რომელიც თავის წილ 29 საჯაროდ დალისტულ კომპანიას აერთიანებს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $310 მილიარდს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები