მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯამში 18 000-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შევძლებთ - თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო

კახა აბულაძე

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა აბულაძის განცხადებით, წელს თბილისის საჯარო ბაღები, ჯამში 18 000-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ იწყება, ამ დრომდე მხოლოდ პირველი და მეორე ეტაპის რეგისტრაციაა გამოცხადებული, რის შედეგადაც, კახა აბულაძის თქმით, 8000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

"პირველ ეტაპზე, რომელიც მიზნობრივი კატეგორიის რეგისტრაციას ითვალისწინებდა, 3000-მდე აღსაზრდელი დარეგისტრირდა, მეორე ეტაპის რეგისტრაცია მიმდინარეობს 21 ივლისის ჩათვლით და ამ წუთისთვის 4500-მდეა რეგისტრირებული. რაც შეეხება საყოველთაო რეგისტრაციას, ის 22 ივლისს იწყება 10:00 საათიდან ადგილების შევსებამდე და რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად შეუძლიათ თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია. მშობლებს შეუძლიათ წინასწარ ნახონ ჩვენს ვებგვერდზე ბაღებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა.

ჯამში 18 000-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შევძლებთ. ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 8000-მდე აღსაზრდელი", - განაცხადა კახა აბულაძემ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სასურველ საჯარო ბაგა-ბაღებში ბევრმა მშობელმა ბავშვი ვერ დაარეგისტრირა, ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ თავად ბაღის ადმინისტრაციას განცხადებით. თუმცა, დიდი მიმართვიანობის შემთხვევაში მშობლები ბავშვების საცხოვრებელთან ახლოს რეგისტრაციას მაინც ვერ ახერხებენ, რის გამოც, ან კერძო ბაღში ან კიდევ შორს მდებარე ბაღში რეგისტრაცია უწევთ.

პირველ ეტაპზე ბაღებში რეგისტრაცია მხოლოდ მიზნობრივმა სოციალურმა ჯგუფებმა შეძლეს, მეორე ეტაპზე თბილისში რეგისტრირებული აღსაზრდელებს შეუძლიათ, ხოლო ბოლო ეტაპზე, რომელიც ხვალ გამოცხადდება, რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე ბავშვები, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები