მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი კლინიკებს შეხვდა - შედეგები

600ecba9ed614
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.21 18:01
1540
რამდენიმე დღის წინ, საქართველოში მოქმედმა მსხვილმა კლინიკებმა ჯანდაცვის მინისტრს წერილით მიმართეს. წერილში სექტორი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას და არსებულ პრობლემებზე საუბარს ითხოვდა. სექტორის უმთავრესი მოთხოვნა, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არსებული ფასების გადახედვა და ინდექსაცია იყო. „დაგვერწმუნეთ, დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში სამედიცინო სექტორი ვეღარ შეძლებს სრულფასოვნად ფუნქციონირებას, რითაც, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, როგორც ხსენებულ სექტორს, ასევე სახელმწიფოსაც“, - ეწერა მიმართვაში. კლინიკებთან შეხვედრის მზაობა ეკატერინე ტიკარაძემ გასულ კვირასვე გამოთქვა და bm.ge-ის შესაბამისი კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ სექტორში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, კლინიკებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებდა.

დღეს კი ჯანდაცვის უწყებაში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. რაზე შეთანხმდნენ კლინიკების ხელმძღვანელები და მინისტრი - ამაზე „ავერსი კლინიკების ქსელის“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, მინისტრი ეთანხმება კლინიკების მოსაზრებას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ფასწარმოქმნის მექანიზმი და ტარიფიკაციის საკითხები გადასახედია, რაზეც მუშაობა მიმდინარე კვირაში დაიწყება.

„წერილში იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც ყველას ერთნაირად გვაწუხებს. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგან ტარიფიკაციაა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 8 წლის წინ დადგინდა ტარიფები, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში ვალუტის კურსის ცვლილებასთან ერთად გაძვირდა მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები, შეიცვალა და გაიზარდა კომუნალური მომსახურების ფასები, აქედან გამომდინარე, გაიზარდა სამედიცინო მომსახურების ფასები და უკვე ის ტარიფი აღარ არის საკმარისი, რაც იყო დადგენილი.

ტარიფიკაციასთან დაკავშირებით მუშაობას უკვე ვიწყებთ. მინისტრი ეთანხმება იმ საკითხს, რომ სავსებით შესაძლებელია ამ ხნის განმავლობაში ეს ცვლილებები მომხდარიყო, ამიტომ ფასწარმოქმნის მექანიზმზე ამ კვირაში შევთანხმდებით და უკვე დავიწყებთ ფასების ინდექსაციას“, - განაცხადა დიმიტრი ჯორბენაძემ და დასძინა, რომ რა დროში შემუშავდება ახალი ფასები და როგორი იქნება მექანიზმი, რთული სათქმელია.

„ავერსის კლინიკების ქსელის“ გენერალური დირექტორის თქმითვე, სხვადსხვა მომსახურებაზე ფასები სხვადასხვანაირად შეიცვალა.

„ფასების ზრდა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებაზე სხვადასხვანაირად აისახა; რაც უფრო მაღალია იმ მასალის ხარჯი, რომელიც იმპორტირებულია უცხოეთიდან და რომელიც ძვირადღირებული იყო თავიდანვე, მით უფრო მაღალია ფასი. ამიტომ ზოგიერთ სამედიცინო მომსახურებაზე ფასები - 10%-ით, ზოგ შემთხვევაში 30%-ით გაიზარდა“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები