მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე 8 სააფთიაქო ქსელს სწავლობს

წამალი წამლები აფთიაქი მედიკამენტები ჯანდაცვა
10.02.24 10:16
1076

კონკურენციის სააგენტო ქვეყნის რვა სააფთიაქო ქსელის საქმიანობას სწავლობს. სააფთიაქო ქსელების მოკვლევასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც განმარტავენ, რომ საქმე უკავშირდება მათ მიერ ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე განმარტავს, რომ მოკვლევამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პირობების დარღვევას ადგილი.

"კონკურენციის სააგენტო, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტს, 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ სწავლობს. სააგენტო დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი, კომპანიების მხრიდან, არასამართლიანი ფასის ან სხვა, არასამართლიანი სავაჭრო პირობების ფიქსირებას.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, აღნიშნულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი უკვე გაავრცელა, რის შემდეგადაც წამლების ფასი შემცირდა. შეგახსენებთ, რომ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კიდევ ერთი საქმის მოკვლევა, დეკემბრის ბოლოს დაასრულა. მოკვლევის შედეგად დაადასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ ქმედებასა და კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევას. კერძოდ, „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები განსაზღვრეს. კონკურენციის სააგენტომ, სამართალდამრღვევი ფარმაცევტული კომპანიები, 52 797 934 ლარით დააჯარიმა,"- განაცხადა სულაბერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები