მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრს არ აქვს პასუხი, როდის მიიღებს ონკოლოგიურის პერსონალი ხელფასს

5eb15d46181ee
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.20 16:50
972
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში შემავალ კლინიკებში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროა დრო იმისთვის, რათა მოხდეს ხარვეზების შესწავლა და სწორი ანალიზი.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ონკოლოგიურ საავადმყოფოში მედიკოსების მიმართ 10-თვიან სახელფასო დავალიანებას შეეხებოდა.

„სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგისთვის ინფექციურის, ბავშვთა ინფექციურის, რესპუბლიკურისა და ონკოლოგიური საავადმყოფოების გადმოცემა მოხდა მარტში, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესაჭიროება დრო იმისთვის, რომ მოხდეს დეტალური შესწავლა იმ ხარვეზების, რომელიც არსებობდა ამ საავადმყოფოების მართვასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს დაგეგმარება, როგორ უნდა მოხდეს მართვა და რა პროცესები წარიმართება ამ საავადმყოფოებთან მიმართებაში, თუმცა სახელმწიფოს მიდგომა ცალსახად არის როგორც - სერვისების, ასევე თითეოული მომუშავე პერსონალის ფინანსური და სამუშაო მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ ისეთი გლობალური პრობლემების ფონზე, როგორიც არის კოვიდ-ინფექცია და ასევე, ისეთი რთული პროცესების ფონზე, რომელიც ამ საავადმყოფოებში იკვეთება, შეუძლებელია ერთ-ორ თვეში დაიდოს სათანადო სტრატეგიული გეგმა, რომელიც ამ საავადმყოფოებს საუკეთესო გამოსავლებამდე მიიყვანს. აქ იკვეთება არამხოლოდ ის ხარვეზი, რომ პერსონალის ანაზღაურება იყო საათობრივი, როდესაც მათი შესრულების კომპონენტი იყო ძალიან დაბალი და ეს ქმნიდა შემოსავლების და გასავლების უთანაბრო კომპონენტს, რაც არის დეტალურად შესასწავლი ფინანსისტების მხრიდან... ყოველივე ამის შემდეგ სახელმწიფო გეგმავს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ამ საავადმყოფოებში და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, არის თუ არა სახელმწიფოს მიდგომა სწორი“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

კითხვაზე - როდის შეძლებს ონკოლოგიური საავადმყოფოს მედ-პერსონალი ხელფასების მიღებას, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა: „საქართველოში ექიმების ხელფასი დამოკიდებულია თითოეული კლინიკის შემოსავალზე. ონკოლოგიური საავადმყოფოს შემოსავალი არ აღემატება 70 000 ლარს, მაშინ როდესაც მათი ანაზღაურება მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე მათი შემოსავალი, აქედან გამომდინარე, ჩვენ, დღესდღეობით, ვმსჯელობთ თუ როგორ შეგვიძლია მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მოხდა. ჩვენი მიდგომა ცალსახად პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული და ეს არ გულისხმობს ექიმების ან მათი ჯგუფის მიმართ არასწორ მიდგომას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები