სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები წლების განმავლობაში უარყოფით ფინანსურ შედეგებს აჩვენებენ, მათ შორის მაშინაც, როდესაც ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსებას იღებენ - ამის შესახებ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ანგარიშში არის აღნიშნული, რომელიც 2023-2024 და 2025 წლების საქმიანობებს მოიცავს.
აუდიტის სამსახურმა შეაფასა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კლინიკები და დასკვნაში მიუთითა, რომ სამედიცინო ჰოლდინგმა აუდიტის სამსახურს ვერ წარუდგინეს საკმარისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა კლინიკების მართვისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით სათანადო კონტროლის განხორციელებას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს მართვის ქვეშ არსებული სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური შედეგები წლების მიხედვით უარყოფითია. სამინისტრო ამ საწარმოების 100%-იანი მმართველია, თუმცა აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინა ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ აქციონერის უფლებებსა და ვალდებულებებს სათანადოდ ასრულებდა. სამინისტროს ასევე არ წარმოუდგენია მკაფიო ხედვა სამედიცინო საწარმოებში არსებული განსხვავებული მართვის ფორმებისა და მმართველი სტრუქტურების შესახებ, მათ შორის, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავდა მათი მართვის გასაუმჯობესებლად.
„აღნიშნული გარემოებები მიუთითებს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სამედიცინო დაწესებულებების მართვაში არსებულ ხარვეზებზე“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
კლინიკების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ არსებობს
სახელმწიფო კლინიკების მართვის მიზნით შექმნილ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, რომლის მიზანიც სამედიცინო დაწესებულებების განვითარება, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფა და სამედიცინო სისტემის გაძლიერებაა, დაქვემდებარებული კლინიკების მართვის ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ აქვს შემუშავებული.
აუდიტის მიხედვით, კლინიკებმა მხოლოდ განვითარების კონცეფციები შეიმუშავეს, რომლებიც ჰოლდინგსა და ჯანდაცვის სამინისტროს 2025 წლის ბოლოს განსახილველად და შესათანხმებლად წარედგინა. ამგვარად, აუდიტის პერიოდში კლინიკების განვითარებისთვის ერთიანი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული მართვის დოკუმენტი არ არსებობდა.
ჰოლდინგმა აუდიტის ჯგუფს ასევე ვერ წარუდგინა კლინიკების, მათი შვილობილი საწარმოებისა და ფილიალების მონიტორინგის, კონტროლისა და შეფასების ანგარიშები. მათ შორის, არ იყო წარმოდგენილი ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შედეგების ანალიზი, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გაცემული რეკომენდაციები და ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც კლინიკების გადამხდელუნარიანობის, რენტაბელურობისა და მოგებიანობის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2026 წელს ჰოლდინგმა ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ 2025 წელს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის დახმარების მიუხედავად, კლინიკები ზარალზე მუშაობენ
აუდიტის მიერ შესწავლილი მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფო კლინიკების ფინანსური პრობლემები ცალკეული წლის შედეგით არ შემოიფარგლება.
ჰოლდინგის საკუთრებაში ან მართვაში არსებული დაწესებულებებიდან, მაგალითად, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურმა საუნივერსიტეტო კლინიკამ 2024 წელი 2.953 მილიონი ლარის წმინდა ზარალით დაასრულა. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს იმავე წელს 2.796 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, ხოლო რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ზარალმა 2.276 მილიონი ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები კლინიკების ფუნქციონირების ხელშესაწყობადაც გამოიყო. 2025 წელს თბილისის ბავშვთა ინფექციურმა კლინიკურმა საავადმყოფომ ბიუჯეტიდან 407.4 ათასი ლარი მიიღო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა 1.3275 მილიონი ლარი, ცენტრალურმა საუნივერსიტეტო კლინიკამ 6.4 მილიონი ლარი, ხოლო ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა 1.3296 მილიონი ლარი.
ცალკე აღსანიშნავია ჯანდაცვის სამინისტროს მართვის ქვეშ არსებული ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, რომელმაც 2022-2024 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან „ტრანსფერებისა“ და „სუბსიდიის“ მუხლებით ჯამში 2.4093 მილიონი ლარი მიიღო. მიუხედავად ამისა, ცენტრის წმინდა ზარალმა 2024 წელს 4.204 მილიონი ლარი შეადგინა. საჩხერის რაიონულ საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებას კი 2024 წელს 3.073 მილიონი ლარის წმინდა ზარალი ჰქონდა.
ეს მონაცემები თავისთავად არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო კლინიკების დაფინანსება გაუმართლებელია. თუმცა აუდიტის მიერ გამოვლენილი მართვისა და მონიტორინგის ხარვეზები აჩენს კითხვას, რამდენად ეფექტიანად ფასდება ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების შედეგები და რა ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ კლინიკების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
ხარჯების კონტროლი და ფინანსური შედეგების შეფასება
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სამედიცინო ჰოლდინგის დაქვემდებარებაში არსებული კლინიკების უარყოფითი ფინანსური შედეგები ძირითადად შრომის ანაზღაურებისა და კომუნალური ხარჯების მუხლებს უკავშირდება, რომლებიც საერთო ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.
ამასთან, ჰოლდინგმა აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინა კლინიკების ფინანსური მაჩვენებლების სრულფასოვანი ანალიზი, მათ შორის, მონაცემები იმის შესახებ, რა ღონისძიებები იყო დაგეგმილი ხარჯების მართვის, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ოპტიმალური გამოყენებისა და მოგებიანობის გასაზრდელად.
მართვის პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ ჯანდაცვის მიმართულების სახელმწიფო საწარმოებს სხვადასხვა სუბიექტი მართავს: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ჯანდაცვის სამინისტრო. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, რა საფუძვლით შეირჩა კლინიკების მართვის არსებული მოდელი.
აუდიტი სამინისტროსა და ჰოლდინგისგან კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას ითხოვს
აუდიტის სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს ურჩევს, დანერგოს ჰოლდინგისა და მის სისტემაში არსებული საწარმოების საქმიანობის შედეგებზე დაფუძნებული შეფასებისა და ზედამხედველობის მექანიზმი. ამ სისტემამ უნდა უზრუნველყოს კლინიკების საქმიანობის რეგულარული ანალიზი და გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირება.
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის კი რეკომენდებულია შვილობილი საწარმოების საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი სისტემის შემუშავება. ის უნდა მოიცავდეს ფინანსური და არაფინანსური შედეგების შეფასების ინდიკატორებს, მონაცემების ანალიზს, გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირების პროცედურებს, განვითარების სტრატეგიებისა და საშუალოვადიანი გეგმების მომზადებას და მათი შესრულების რეგულარულ შეფასებას.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, სახელმწიფო კლინიკების მართვის პრობლემა მხოლოდ ფინანსურ ზარალში არ გამოიხატება. მას თან ახლავს სტრატეგიული დაგეგმვის, ანგარიშვალდებულების, ფინანსური მონიტორინგისა და შედეგების შეფასების ხარვეზები. როდესაც სახელმწიფო დაწესებულებებს ბიუჯეტიდან დაფინანსება ეძლევათ, მაგრამ მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი სათანადოდ დოკუმენტირებული არ არის, იზრდება რისკი, რომ დამატებითი რესურსების გამოყოფამ მდგრადი შედეგი ვერ მოიტანოს.
























