მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებები საკმარისია მოკვლევის დასაწყებად - ირაკლი ლექვინაძე

642180cb8cb9c
გიგა ბენია
27.03.23 16:07
431

"ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაკეთებული განცხადებები ჩვენთვის საკმარისია მოკვლევის დასაწყებად“, - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს. როგორც ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, 4 ფარმაცევტულ კომპანიაზე კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, უწყება შედეგებს 6-დან 18 თვის მანძილზე გამოაქვეყნებს. საუბარია ბოლო პერიოდში ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების ზრდაზე.

„მოკვლევა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: მედიკამენტების ბაზარზე შესაძლო დომინანტური მდგომარეობის არასათანადო გამოყენებასა და ფასწარმოქმნის ნაწილში ე.წ. „კარტელური გარიგების“ მიმართულებით. მოკვლევის პროცესში კომპანიებსა და ფარმაცევტულ ასოციაციებს, საშუალება ექნებათ, საკუთარი პოზიცია და განმარტებები წარმოადგინონ. დაახლოებით 6-თვიანი გეგმა გვაქვს მოკვლევის შედეგების წარსადგენად, თუმცა საკითხის სირთულიდან გამომდინარე, პროცესი, შესაძლოა, 18-თვემდე გაგრძელდეს“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

BMG-ის ინფორმაციით, კომპანიები რომელთა მიმართ მოკვლევა დაიწყო, “გეფა”, “ავერსი-ფარმა”, “პსპ ფარმა” და “მერმისია”.

კითხვაზე - იმ შემთხვევაში, თუ ოთხ ფარმაცევტულ კომპანიას კონკურენციის კანონის დარღვევა დაუმტკიცეს, როგორი იქნება საჯარიმო პროცესი, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს:

„იმ შემთხვევაში თუ მოკვლევის შედეგად დარღვევა დადასტურდება, კომპანიების მიმართ გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რომელიც გულისხმობს დამრღვევი კომპანიისთვის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობის თანხის დაკისრებას“.

ცნობისთვის, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების მისამართით, შეთანხმებულ მოქმედებასა და ფასების ხელოვნურად გაზრდაზე, რამდენჯერმე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა, 23 მარტს, პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ PSP-მ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 200-300%-იანი ფასნამატები გააკეთა, რასაც კომპანიის დამფუძნებელმა, კახა ოქრიაშვილმა ტყუილი უწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები