მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 ფარმაცევტული კომპანია თეთრების სიზუსტით, ერთნაირ ფასებს სთავაზობდა სახელმწიფოს - რა ეტაპზეა ფარმაბაზრის მოკვლევა?

წამლები აფთიაქი

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე წლის მარტში ხუთი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. ესენი  არიან: სს „გეფა“, შპს „ავერსიფარმა“, შპს „პსპ ფარმა“, შპს „მერმისი“ და შპს “ეს კა იმპექსი”. საკითხი ეხება ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას.

მოკვლევას საფუძვლად დაედო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით. მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს (ე.წ. კარტელური გარიგებები) გულისხმობს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი bm.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ყველა ფარმაცევტულ კომპანიასთან შეხვედრები დასრულებულია და საბოლოო დასკვნას სააგენტო წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს.

„ჩვენ პრაქტიკულად ყველა ფარმაცევტულ კომპანიასთან შეხვედრები გვქონდა, მათგან მიღებული გვაქვს ინფორმაცია და ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს ინფორმაციის მოწოდების თვალსაზრისით. ჯანდაცვის სამინისტროდანაც გვაქვს ყველა საჭირო ინფორმაცია მიღებული. დღის წესრიგში დადგა, რომ სხვადასხვა სავაჭრო წარმომადგენლებთან რიგი შეხვედრები გავმართოთ, იგულისხმება საერთაშორისო ბრენდების სავაჭრო წარმომადგენლები საქართველოში, რადგან გარკვეული საკითხებია, რაც მათთან ერთად ითხოვს დაზუსტებას და წლის ბოლომდე ჩვენ საბოლოოდ დასკვნას გამოვაქვეყნებთ. აქაც იქნება გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში იქნება რეკომენდაციები“,-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

კითხვაზე, რამდენად აქვს მხედველობაში სააგენტოს მოკვლევის პროცესში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების საკითხი, ლექვინაძე გვპასუხობს, რომ ბაზრის მოკვლევასთან მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას კავშირი არ აქვს.

„რეფერენტულ ფასწარმოქმნას ზოგადად ჩვენ ვაფასებთ პოზიტიურად და მის გავლენას ინფლაციაზე. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე და იმ მედიკამენტებზე, სადაც სახელმწიფო ფინანსებს დებს, თუმცა ამ მოკვლევას რეფერენტულ ფასწარმოქმნასთან, შეიძლება ითქვას, კავშირი არ აქვს, რადგან საკითხი ეხება კონკრეტულ სახელმწიფო პროგრამაში იდენტური ფასწარმოქმნის შეთავაზებას 5 კომპანიის მხრიდან.

რა მნიშვნელობა აქვს იქნებოდა თუ არა რეფერენტული ფასი, როცა 5 კომპანია ერთდროულად ერთნაირ ფასებს, თეთრების სიზუსტით, სთავაზობს სახელმწიფოს შესყიდვის პროცესში. ეს იწვევს ჩვენთვის მთავარ შეკითხვებს. მნიშვნელობა არ აქვს იქნებოდა თუ არა აქ რეფერენტული ფასები“,-განმარტავს ლექვინაძე.

მისი თქმით, თუ დარღვევა დაფიქსირდება, რა თქმა უნდა გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქციები.

აღსანიშნია, რომ კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს ჯარიმას, დამრღვევი ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობით.

შეგახსენებთ, სანამ კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევას დაიწყებდა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ  გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ “დეპაკინი ხრონო” (300მგ, 500მგ) კომპანიებს მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ ამ განცხადებას სექტორის რეპუტაციის შემლახველი უწოდა. ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მედიკამენტი “დეპაკინი ხრონო” რომელიც წარმოებულია კომპანია „სანოფი“-ს მიერ , მწარმოებლის მხრიდან შეფერხებული საწარმოო პროცესებიდან გამომდინარე, ბაზარზე იქნა იმპორტირებული მცირე რაოდენობით და მწარმოებელმა მხარემ ვერ მოახერხა საჭირო რაოდენობით მედიკამენტის მოწოდება დამკვეთებისთვის. ასევე შეფერხებულია აღნიშნული მედიკამენტის იმპორტი პარალელური რეჟიმით თურქეთიდანაც, ვინაიდან თურქული მხარე ვერ უზრუნველყოფს მედიკამენტის რეფერენტულ ფასში მოწოდებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები