მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სფეროში საპოლიციო რეჟიმის შესაძლო გამკაცრება 50 000 ადამიანს და მათ ხელფასებს შეეხება - ოქრიაშვილი

64896c6ecb78d
BM.GE
14.06.23 11:28
500
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმილი რეფორმით საპოლიციო რეჟიმის გამკაცრებას ცდილობს, რაც 50 ათას ადამიანს და მათ ხელფასებს შეეხება.

განცხადებას ოქრიაშვილი facebook-ში ავრცელებს და მას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ეს სადამსჯელო კანონები პირდაპირ შეეხება ჯანდაცვის დარგში დასაქმებულ დაახლოებით 50 000 ადამიანს და მათ ხელფასებს!

ჯანდაცვის სფეროში დანერგილი საპოლიციო რეჟიმის შესაძლო გამკაცრებასთან დაკავშირებით: ჯანდაცვისა და ფარმაციის ხარჯის 50-55%-მდე წარმოადგენს დარგში დასაქმებულების, ექიმების, ფარმაცევტების, ექთნების, ლაბორანტებისა და სხვა სამეურნეო პერსონალის ხელფასებს. ნებისმიერი საპოლიციო მიდგომით დაჯარიმებული ჯანდაცვის სუბიექტები იძულებულნი იქნებიან, ხელფასები შეუმცირონ იქ დასაქმებულ ადამიანებს.

იმ პირობებში, როცა ჯანდაცვის სფეროს ხარჯებს შორის პირველ ადგილზეა პერსონალის ხელფასი, მეორე ადგილზე - მედიკამენტები და ზოგადად, დარგი გამოირჩევა მოგების უმდაბლესი მაჩვენებლით, ამ კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჯარიმა აისახება სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასებზე. ხელფასები არათუ გაიზრდება, არამედ შემცირდება კიდეც. მთლიანად დარგი იძულებული იქნება, სახელფასო ფონდის შემცირების ხარჯზე გადაიხადოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმები.

ეს სადამსჯელო კანონები პირდაპირ შეეხება ჯანდაცვის დარგში დასაქმებულ დაახლოებით 50 000 ადამიანს და მათ ხელფასებს!

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2024 წელს, ახალი, დემოკრატიული ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა ამ დარგში იქნება ხელფასების გაორმაგება, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისს გაცილებით უფრო ხარისხიანს გახდის“, - აცხადებს ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, მთავრობის ინიციატივით, პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს ჯანდაცვის შესახებ კანონში, რომლის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკების შემოწმების მიზნით, სასამართლოს ნებართვის გარეშე შესვლა და შემოწმება შეეძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები