ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებული ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე 2022–2030 წლებში ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად კვლავაც რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა“.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის დარგის სწრაფად განვითარების გამო ჯანდაცვის რეფორმას განახლება სჭირდება. „ამ კუთხით მნიშვნელოვანი მიმართულებებია ჯანდაცვის სექტორის მმართველობის გაძლიერება, რადგან ეს ეხება პრაქტიკულად მოსახლეობის სრულ შემადგენლობას და არა მის რომელიმე სეგმენტს. ასევე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში ადამიანის რესურსების განვითარება და საკადრო პოლიტიკის სწორად წარმართვა. მნიშვნელოვანია მედიკამენტების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კუთხით გარკვეული ჩარევები. მნიშვნელოვანია პრემიერის ინიციატივა თურქული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, სახეზე უკვე გვაქვს მედიკამენტების ფასების კლება. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჯიბიდან დანახარჯების უდიდესი ნაწილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
„ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022–2030 წლებისთვის“ ჯანდაცვის სამინისტრომ ევროკავშირის საჯარო მმართველობის რეფორმის პროექტის ხელშეწყობით მოამზადა და მას თან დეტალური სამწლიანი სამოქმედო გეგმა ახლავს.