მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა DRG დაფინანსების მოდელს უნდა გადახედოს და დააკორექტიროს” - ნიკოლოზ ფრუიძე

ნიკოლოზ

კლინიკა “კონსილიუმ მედულას” დირექტორი, ნიკოლოზ ფრუიძე, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის საქმიანობის ორ წელს აჯამებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად სამინისტროს წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის სექტორს შორის ხშირი კომუნიკაციისა, მინისტრი სექტორის რეკომენდაციებსა და თხოვნებს იშვიათად ითვალისწინებდა.

“ვიტყოდი, რომ კონტაქტი კონტაქტისთვის უფრო ხდება ჯანდაცვის სამინისტროსთან, ვიდრე იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯები გადადგმულიყო - იყო შეხვედრები სამინისტროსთან, მათ წარმომადგენლებთან (უშუალოდ მინისტრთან არ მახსენდება, მას არ ვხვდებოდით), ვხვდებოდით მოადგილეებს, დეპარტამენტის უფროსებს და ეს შეხვედრები საკმაოდ ინტენსიური ხასიათის იყო, მაგრამ ის შედეგი არ დგებოდა, რასაც სექტორი ითხოვდა, ძალიან იშვიათად ითვალისწინებდნენ ჩვენს აზრებს”, - ამბობს ნიკოლოზ ფრუიძე.

ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძემ გაათავისუფლა. ახლად არჩეული პრემიერი ამ ცვლილების მიზეზად მართვისა და კომუნიკაციის კუთხით არსებულ ხარვეზებს ასახელებდა, რასაც, კობახიძის თქმით, სამედიცინო საზოგადოებაში უკმაყოფილება ადასტურებდა. ნიკოლოზ ფრუიძე აღნიშნავს, რომ აზარაშვილის მმართველობის დროს თანმიმდევრული პოლიტიკა არ იყო დაცული.

“თანმიმდევრულობა გამომდინარეობდა არა რჩევებიდან, რომელსაც ჩვენ ვაძლევდით, არამედ დამდგარი ფაქტიდან - როდესაც რაღაც კეთდებოდა და ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ მას ხარვეზი მოჰყვებოდა, არ აქცევდნენ ყურადღებას. როდესაც უკვე ეს ხარვეზი ჩნდებოდა, ამის პოსტფაქტუმ ანალიზი და გამოსწორება ხდებოდა, რაც ძალიან ცუდია, ბევრ რაღაცას საკმაოდ დიდი ფინანსური ხარჯებიც ახლდა თან. ეს სექტორისთვის არამდგრადი გარემოა”, - განმარტა “კონსილიუმ მედულას” დირექტორმა.

პრემიერის თქმით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს კვირის ბოლომდე აირჩევენ. კითხვაზე, რა მოლოდინები აქვს კერძო სექტორს ახალი მინისტრისგან, ფრუიძე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი, რაც მან უნდა გააკეთოს, DRG დაფინანსების მოდულის გადახედვა და შეცვლაა.

“ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, პირველ რიგში, კვლავ უნდა გადახედოს დაფინანსების სისტემას და კორექტირება გააკეთოს იმ მოდელის, რომელიც დღეს არის, რადგან ის ცუდად მუშაობს. DRG თავისთავად კარგი ინსტრუმენტია, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც მოწმობს. უბრალოდ ჩვენ გამოგვივიდა ისე, რომ მრგვალი ბორბლის ნაცვლად, ველოსიპედს ოთხკუთხედი გავუკეთეთ და ვეღარ მივდივართ წინ . მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესდა”, - ამბობს ფრუიძე.

“კონსილიუმ მედულას” წარმომადგენელი განმარტავს, რომ DRG დაფინანსების მოდელი კლინიკებისთვის ფინანსური წაგება-მოგების დაბალანსებას ისახავდა მიზნად, თუმცა სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილი ტარიფები არასწორია, რის გამოც მაღალტექნოლოგიური კლინიკები წაგებას ვერ ირიდებენ თავიდან.

“განსაკუთრებულად კრიტიკულ მდგომარეობაში არის ის სფერო, რომელიც მაღალტექნოლოგიურ და ხარჯიან ჩარევებს გულისხმობს. მაგალითად, DRG-მდე ოპერაცია, რომელსაც სახელმწიფო 22 ათასი ლარით აფინანსებდა, დღეს 7 ათასი ლარით ფინანსდება - ხედავთ, რამდენად შემცირდა.

ასეთი რთული ოპერაციები ყველგან არ კეთდება, იმ საავადმყოფოებში, სადაც კეთდება მაღალი დონის ტექნოლოგიური ოპერაციები, რომელმაც შეიძლება მოგება დაგიტოვოს, უფრო ნაკლებია, ვიდრე სხვაგან. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ დაკავებული ვართ მაღალტექნოლოგიური სერვისებით, იქ პაციენტის დაყოვნების ხარჯიც უფრო მეტია და მედიკამენტებიც. რომ დავთვალოთ, მოგება-წაგების ბალანსი კი არა, იმის აკუმულირებასაც ვერ ვახერხებთ რომ მინუსი არ მოგვცეს. მთელ მსოფლიოში DRG-ის პრინციპი ისაა, რომ მოგება და წაგება დააბალანსოს, მაგრამ როდესაც არასწორი ტარიფებია, ამის დაბალანსება ძალიან რთულია”, - ამბობს ფრუიძე.

საქართველოში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელი, იგივე DRG სისტემა, 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. თუ მანამდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო პროცედურების დაფინანსება სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით ხდებოდა, 2022 წლის ბოლოდან ის დიაგნოზების მიხედვით ფინანსდება. DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ უწევს. იგი მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები