პროფესიული განათლება, კვალიფიციური კადრები და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ამ მიმართულებით არსებული ვითარება იყო BMGtv-ის გადაცემის მთავარი თემა USAID Talks-ის ფორმატში, რომელსაც სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი განიხილავდა. მათ შორის "ვიანის" სტრატეგიული მიმართულებით დირექტორის მოადგილემ, ეკა ქავთარაძემ სამედიცინო სექტორში არსებულ ვითარებაზე და საექთნო სფეროში მდგარ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, დღეს ექთნობა სკოლადამთავრებულისთვის პოპულარული პროფესია არ არის. რაც ერთი მხრივ არასათანადო ანაზღაურებას უკავშირდება, ხოლო მეორე მხრივ ამის მიზეზი ის არის, რომ პროფესია საზოგადოებისა და პროფესიონალთა თვალშიც კი, სათანადოდ დაფასებული არ არის.
ეკა ქავთარაძე აღნიშნავს, რომ ამ გამოწვევებთან გამკლავებას "ვიანი" საკუთარი ძალებით ცდილობს და ამისთვის არაერთ რეფორმას ახორციელებს.
"საექთნო რეფორმა ორი წელია დავიწყეთ და ამის ფარგლებში ქსელში ნაბიჯ-ნაბიჯ სხვადასხვა საგანმანათლებლო აღიარებითი კომპონენტი შემოგვაქვს. გარდა ამისა, ყოველწლიურად ვატარებთ ექთნების კმაყოფილების კვლევას და ვუსმენთ მათ ხმას. ვიგებთ, თუ რა აწუხებთ ყველაზე ხშირად და რას გვთხოვენ ჩვენ, როგორც დამსაქმებელს.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ სამსახურიდან წასვლის სურვილი აქვს, კითხვაზე, თუ სად გადავიდოდნენ, ისინი ჩვენს კონკურენტს არ ასახელებენ, არამედ ამბობენ, რომ მათ სურთ პროფესიის შეცვლა. როდესაც ვეკითხებით, თუ სად სურთ წასვლა, ერთი ნაწილი გვპასუხობს, რომ უცხო ენა რომ იცოდეს საზღვარგარეთ წავიდოდა, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ უბრალოდ იცვლის პროფესიას ", - ამბობს "ვიანის" დირექტორის მოადგილე სტრატეგიული მიმართულებით.
ეკა ქავთარაძის თქმით, დასაქმებულების მიერ გაცემული პასუხი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფაქტს, რომ "ვიანი" როგორც დამსაქმებელი მაქსიმალურად ცდილობს ბაზარზე კონკურენტული ანაზღაურება ჰქონდეს. მისივე განმარტებით, "ვიანი" ამ პროფესიის წარმომადგენლების წახალისებასა და მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნას სხვადასხვა გზებით ცდილობს.
"გარდა ამისა, ყველა იმ ექთანს, ვინც უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაშია ჩართული და ვის განყოფილებაშიც პაციენტთა კმაყოფილების დონე მაღალია, ყოველთვიურად +30% ბონუსი აქვს
გარდა ამისა "ვიანის" ქსელში შემავალი ჰოსპიტლების ყველა პალატაში ექთნის ე.წ. "მანუალი" გვაქვს გამოკრული, რომ პაციენტმა იცოდეს, თუ ვინ არის ექთანი და რა პროფესიის წარმომადგენელია ის. ექთანმა თავად უნდა იამაყოს იმ პროფესიით, რომელსაც წარმოადგენს", - აცხადებს ქავთარაძე.
სტრატეგიული მიმართულებით "ვიანის" დირექტორის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ საექთნო სფეროში დღეს ძალიან ბევრი სამუშაოა და მნიშვნელოვანია ამ პროცესში როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა.
"ამ ყველაფერთან ერთად პროცესში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის როლი მნიშვნელოვანია, რადგან ჯანდაცვის ეკონომიკა ამ წუთას ვერაფრით შეძლებს, რომ მაგალითად IT პროფესიონალების კონკურენტული ანაზღაურება შესთავაზოს ექთნებს", - განმარტავს სტრატეგიული მიმართულებით "ვიანის" დირექტორის მოადგილე, ეკა ქავთარაძე.