ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის განცხადებით, დემოგრაფიული საკითხის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
"კოვიდ პანდემიის შემდეგ ქვეყანაში უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსია. ამიტომ გადავწყვიტეთ, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, რომელიც ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ეს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას წარედგინება“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სამუშაო ჯგუფში პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარების, იუსტიციის სამინისტროების, საპატრიარქოს, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები გაერთიანდებიან.
სამუშაო ჯგუფის მუშაობაში დროებითი წევრების სტატუსით მონაწილეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თბილისისა და ბათუმის მერიები და დარგის ექსპერტები მიიღებენ.




























