ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დაკავებულია - ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" მისმა ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა დაუდასტურა.
„ილია ღუდუშაურისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ და საქმის მასალებიც ჯერ არ მაქვს. როგორც ვიცი გუშინ დააკავეს. სავარაუდოდ დღეს იქნება ბრალის წარდგენა და გადმომცემენ საქმის მასალებს“ - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ რაზეა დაკავებული და რას ედავებიან საქმის მასალების გადმოცემამდე ჯერ არ იცის.
ილია ღუდუშაური ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ადგილს 2022 წლიდან 2024 წლის მარტამდე იკავებდა. ის მაშინდელი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის მოადგილე იყო.
ჯანდაცვის სამინისტროში მისვლამდე ილია ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. 2017-2018 წწ. იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის, დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც.
ილია ღუდუშაური ჯანდაცვის სამინისტროში საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა. მის საკურატოროში უწყების სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის: დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი შედიოდა.




























