„ოჯახის ექიმის სისტემის არსებობა გამართული ჯანდაცვის საფუძველია და სანამ ეს არ იქნება ძლიერი, იქამდე იარსებებს ძირეული პრობლემები“ - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტმა ვატო სურგულაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებისთვის აუცილებელია ხელფასების ზრდა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. სურგულაძემ bmg-თან უწყების ხელმძღვანელი პირების ხშირ ცვლაზე და არასისტემური მიდგომის პრობლემაზეც ისაუბრა.
„ჯანდაცვაში სისტემური მიდგომა არ არსებობს, მოდის ახალი მინისტრი, რომელიც ვერ ერკვევა საკითხში, სანამ ის გაერკვევა ხსნიან და იწყებენ თავიდან. როცა რეფორმები ტარდება ჯანდაცვაში, პირველი რაც უნდა იყოს, ეს არის პირველადი ჯანდაცვა. ჩვენ არ გვაქვს პირველადი ჯანდაცვა და ეს არის ყველაზე რთული რგოლი. თუ ეს არ გაქვს ვერცერთ რეფორმას ვერ გააკეთებ. ყველა მთავრობა შევარდნაძიდან დღემდე დებს გეგმავ, როგორ უნდა განვითარდეს პირველადი ჯანდაცვა, თუმცა ვერავინ ახორციელებს.
პირველადი ჯანდაცვა თუ გვექნება მაღალ დონეზე, მერწმუნეთ ის სიკვდილიანობა რაც იგივე კოვიდის დროს გვქონდა, აღარ გვექნება. 17 ათასამდე ადამიანი რომ გარდაიცვალა, აქ პრობლემა პირველადი რგოლის ჩავარდნა იყო", - თქვა სურგულაძემ.
მისი თქმით, დარგი ვერ განვითარდება, როცა ოჯახის ექიმს 800 ლარი აქვს ხელფასი და 2 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს უბანზე.
"როცა პაციენტმა იცის თავიდანვე ვის მიმართოს, ეს ამცირებს საავადმყოფოებში მკურნალობის მაჩვენებლებს, ეს შეამცირებს სასწრაფოს გამოცხადებების მაჩვენებლებს. ოჯახის ექიმის სისტემის არსებობს საფუძველია გამართული ჯანდაცვის და სანამ ეს არ იქნება ძლიერი, კარგად ანაზღაურებადი, იქამდე სისტემა ვერ გახდება ძლიერი.
მეორე ასევე არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ხელშემწყობი კი არა, არამედ სადამსჯელო ორგანიზაცია გახდა, „აა დაგიჭირე, აა დაგაჯარიმე.“ რაზე აჯარიმებენ? არის ასეთი გამოთქმა „არ არის ფული, არ არის ჯანმრთელობა“ და ის დაფინანსების სისტემა რაც შემოიღეს DRG, იდეა კი არ არის ცუდი, არამედ ის, რომ არასწორად კეთდება. ბევრი კლინიკა დადგა გაკოტრების წინაშე, ბევრი აპირებს გამოსვლას, არასწორად ხორციელდება, სისტემური მიდგომა, მიზნები არ არსებობს, შესრულებაზე ორიენტირებული ანაზღაურება არ არსებობს“, - განაცხადა სურგულაძემ.