ჯანდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პროგრამა გათვლილია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირებისა და სარეზიდენტო პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის, გადამზადების ხანგრძლივობა კი დამოკიდებული იქნება შერჩეული მიმართულების ხანგრძლივობაზე. პროგრამის ამოქმედება მიმდინარე წლიდან იგეგმება.
„როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი რეფორმების მთავარი მიზანი, თითოეული ბენეფიციარისთვის, მაღალი ხარისხის მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ამ უკანასკნელისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰყავდეს მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. სწორედ ამიტომ, 2024 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის საუნივერსიტეტო კლინიკებთან. პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 12 მილიონი ლარი იქნება და დაახლოებით, 150 მსურველი დაფინანსდება“, - აღნიშნულა ზურაბ აზარაშვილმა.