სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა. იგი ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოიცავს.
აუდიტი წერს, რომ სამინისტრომ გაცემული სესხის პირობების დარღვევის გამო მიღებული სესხის თანხის დაფარვისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის ჯარიმის მოთხოვნით, 2018-2021 წლებში 3 კლინიკის მიმართ სასამართლო საქმე აღძრა.
ეს კლინიკებია: შპს ,,ალსს“, შპს „თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფო“ და შპს „სამედიცინო ცენტრი „ნეოკლინიკა“, რომელმაც 2018 წლის 14 სექტემბრიდან შეიცვალა საფირმო სახელწოდება (დღეს - შპს ,„ნეო ჯგუფი“)
აუდიტის თანახმად, ეს სესხები საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N309 განკარგულების საფუძველზე გაიცა, რომელიც 20-წლიანი იყო და ცენტრალური აპარატის მიერ 85 სამედიცინო დაწესებულების შეუფერხებელი ფუნქციონირების საჭირო ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გაიცა.
აქედან, ორმა კლინიკამ სრულად დაფარა როგორც სესხის, ასევე დაკისრებული ჯარიმის თანხა, ხოლო ბუღალტრულ რეესტრებში ასახულია მხოლოდ ერთი კლინიკის − შპს „ალსსის“ მიერ სესხის თანხის დაფარვა; მესამე კლინიკას − შპს „თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს“, 2018 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკისრებული აქვს 70,415 ლარის გადახდა, რომელზეც მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება და დღეის მდგომარეობით გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
აუდიტი წერს, რომ საავადმყოფოს მიმართ დაკისრებული ჯარიმა არც სამინისტროს ბუღალტრულ რეესტრებშია ასახული და არც ფინანსურ ანგარიშგებაშია წარდგენილი.
ამასთან, აუდიტის ჯგუფის მოთხოვნის შესაბამისად, მიღებული სესხების თანხის დადასტურების მიზნით, სამინისტრომ გააგზავნა დასტურის წერილები სესხის მიმღებ ორგანიზაციებთან. მათგან მხოლოდ 49 ორგანიზაციამ დაგვიდასტურა აღნიშნული სესხის არსებობა.
ზემოხსენებული სამი სასამართლო საქმის გარდა, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა ინფორმაცია, არის თუ არა გაწერილი გაცემული სესხის მართვასთან დაკავშირებული მონიტორინგის პროცედურები და მისი აღსრულების პროცესი; რა ღონისძიებებს ატარებდა სამინისტრო წლების განმავლობაში იმის დასადგენად, ასრულებდნენ თუ არა სესხის მიმღები ორგანიზაციები ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს.
კერძოდ, სამინისტრომ ვერ წარმოადგინა:
სესხის მიმღები ორგანიზაციებისათვის სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი და უწყვეტი მიწოდების კრიტერიუმები, რომელთა დარღვევაც დაექვემდებარებოდა დაჯარიმებას;
იღებდა თუ არა სამინისტრო წლების განმავლობაში სადაზღვევო კომპანიის − „არქიმედე გლობალ ჯორჯიას“ გაკოტრების მმართველისაგან ინფორმაციას სესხის მიმღებთათვის კრედიტის დაფარვის შესახებ. მხოლოდ მიმდინარე აუდიტის პერიოდში, აუდიტის ჯგუფის მოთხოვნის შესაბამისად, შედგა აღნიშნული კომუნიკაცია;
სამედიცინო დაწესებულების შესახებ ყოველკვარტალური ინფორმაცია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების სისტემიდან ან 6-თვიანი აუდიტორული დასკვნები;
ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია გაცემული სესხების ხარჯვასთან დაკავშირებით;