მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ₾250 მილიონით იზრდება - რაზე დაიხარჯება თანხები?

ბიუჯეტი
BM. GE
26.09.23 15:06
126

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში  შესატან ცვლილებათა პროექტზე იმსჯელა, რომლის მიხედვით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად იზრდება.

„2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში , საიდანაც უდიდესი თანხა 431 მილიონი ლარით იზრდება - ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით ასიგნებებში 250 მილიონი ლარი მიემართება. საბოლოოდ წელს სამინისტროს დაფინანსება ჯამში 7 მილიარდ 108 მილიონი ლარი იქნება“, - განაცხადა  ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ. 

მან კომიტეტის სხდომაზე განსახილველად კანონპროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა და კომიტეტის წევრებს ასევე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა გააცნო.

მომხსენებელმა სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადი ყურადღება  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთხით სხვადასხვა მიმართულებათა დაფინანსებაზე გაამახვილა.

მისი ინფორმაციით, დამატებითი თანხები ნაწილდება შემდეგ ძირითად მიმართულებებზე: პენსიების ნაწილში 75 მილიონი ლარი ასაკით პენსიონერების საპენსიო გასაცემლის დასაფინანსებლად დაემატება. დამატებითი თანხების საჭიროება ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდის გამო დადგა, ვინაიდან ბენეფიციართა რაოდენობა უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ეს ბიუჯეტის ფორმირებისას იყო პროგნოზირებული.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ბიუჯეტის დაგეგმვის პერიოდში პენსიის ბენეფიციართა რაოდენობა 806 ათასამდე ბენეფიციარს შეადგენდა და წინა წლების მსგავსად გაანგარიშება გაკეთებული იყო ბენეფიციართა რაოდენობის 15 ათასით ზრდაზე. თუმცა აგვისტოს მდგომარეობით ბენეფიციართა ზრდამ უკვე 20 ათასს გადააჭარბა და, შესაბამისად, წლის ბოლომდე პენსიების შეუფერხებლად დასაფინანსებლად დამატებითი ასიგნებები გამოიყოფა.

მისივე თქმით, მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებების დასაფინანსებლად 30 მლნ ლარი მიიმართება,  მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეების კანონით განსაზღვრული დანამატის დასაფინანსებლად - 8 მლნ ლარი, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულთა ხელფასების დასაფინანსებლად - 17 მლნ ლარი.  დამატებით 120 მლნ ლარი ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლადაა გამოყოფილი, რომელთა შორის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსების ხარჯებია გათვალისწინებული.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ცვლილებები უწყების მიმდინარე წლის საჭიროებებს სრულად უზრუნველყოფს.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ექვსი თვის გეგმა შესრულებულია როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯვით ნაწილში, მინიმუმამდეა დაყვანილი ინფლაცია და რაც მე მიმაჩნია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ  არის 17%-იანი სახელფასო ზრდა, რამაც თავისთავად შემოსავლებიც გაზარდა სახელმწიფოში“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს, ხოლო 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა ცნობად მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები