მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანი ინფანტინომ დონალდ ტრამპი შესაძლოა, FIFA-ს "სამშვიდობო პრემიით“ დააჯილდოოს

ინფანტინო და ტრამპი

FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ შესაძლოა FIFA-მ დონალდ ტრამპს თავისი პირველი “მშვიდობის” პრიზი გადასცეს, რომელიც დეკემბერში ვაშინგტონში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის დროს გაიმართება.

ინფანტინომ ენთუზიაზმით დაიცვა ტრამპის საქმიანობა თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, შეაქო იგი როგორც ადამიანი, რომელიც “ააშკარავებს იმას, რასაც ბევრი ფიქრობს“ და თქვა, რომ არ ესმის მის მიმართ გამოთქმული ნეგატიური კომენტარების არსი.
ინფანტინო ოთხშაბათს, მაიამის America Business Forum-ზე გამოდიოდა — ღონისძიებაზე ტრამპი და ლეო მესიც იყვნენ წარმოდგენილები.

იმავე დღეს ფიფამ გამოაცხადა ახალი პრემიის შექმნა: “FIFA Peace Prize — Football Unites the World“. მათ განაცხადეს, რომ ეს ჯილდო მიენიჭება პირებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მშვიდობის დამყარებაში და მსოფლიოს მოსახლეობის გაერთიანებაში.

ტრამპი ამტკიცებს, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ რვა ომი დაასრულა, თუმცა ნობელის მშვიდობის პრემია მაინც ვერ მოიპოვა. იგი გადასცეს მარია კორინა მაჩადოს, ვენესუელელ ოპოზიციონერ ლიდერს, რომელიც ნიკოლას მადუროს რეჟიმს ებრძვის.

FIFA-მ ახალი ჯილდო კი დააანონსა, თუმცა ვერ დაასახელა, ვინ მიიღებდა პრიზს. განცხადება ემთხვეოდა ინფანტინოსა და ტრამპის ერთობლივ გამოსვლას მაიამის ფორუმზე, ხოლო პრიზის აღწერა შესანიშნავად ერგებოდა იმ იმიჯს, რომლითაც ტრამპი პოზიციონირებს - “მშვიდობის პრეზიდენტი“, როგორც თავად უწოდებს თავს.

ტრამპმა თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, საკუთარი თავი „კენედის ცენტრის“ თავმჯდომარედ დანიშნა და საბჭო საკუთარი თანაგუნდელებით შეავსო.
The Athletic–ის ცნობით, FIFA უკვე მზად იყო წილისყრა ლას–ვეგასში ჩაეტარებინა, მაგრამ ორგანიზაციამ ტრამპის ადმინისტრაციის სურვილი შეასრულა და ღონისძიება კენედის ცენტრში გადაიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები