ღვინის ახალი ბრენდი „ჯანიანი“ ექსპორტზე ჰოლანდიასა და დიდ ბრიტანეთში გავიდა. ამის შესახებ BM.GE-ისთან კომპანიის თანადამფუძნებელმა გია პირადაშვილმა ისაუბრა.
„ჯანიანის" ჩამოსხმა პარტნიორებმა გია პირადაშვილმა და კახა შენგელიამ გასულ წელს დაიწყეს და პირველ ჯერზე რამდენიმე დასახელება 30 000 ბოთლი ჩამოასხეს. ეს არის ქართული და ფრანგული ყურძნის ჯიშების ნაზავი, რასაც კუპაჟს უწოდებენ. დღეისთვის უკვე ჩამოსხმულია მუკუზანი, ქისი და სოვინიონ ბლანი, საფერავი და შავი პინო, გორული მწვანე და ქისი.
გია პირადაშვილი ამბობს, რომ ღვინო ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად იყიდება და პარალელურად საექსპორტო ბაზრების მოცვაზეც მუშაობენ.
„დავიწყეთ გაყიდვები ჰოლანდიასა და დიდ ბრიტანეთში. დღეს „ჯანიანის“ წარმადობა სულ 30 000 ბოთლია და მომავალი წლისთვის ეს მოცულობები ალბათ გაიზრდება. პარალელურად ვმუშაობთ, საექსპორტო ბაზრების განვითარებაზე. ამ ეტაპზე შეთანხმებული გვაქვს ნორვეგიაში რეალიზებაც და შემდგომ უკვე სხვა ბაზრების მიმართულებითაც გავაქტიურდებით“, - აღნიშნავს გია პირადაშვილი.