მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანმოს ჰაერის ხარისხის სტანდარტი 2024 წელს შვიდმა ქვეყანამ დააკმაყოფილა

ხარისხი

"გასულ წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის სტანდარტი მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ დააკმაყოფილა", - ამის შესახებ Reuters-ი შვეიცარიული კომპანიის ჰაერის ხარისხის ინდექსზე დაყრდნობით იტყობინება.

IQAir-ის მონიტორინგის თანახმად, 2024 წელს ჰაერის დაბინძურება ყველაზე მწვავედ ჩადსა და ბანგლადეშში დაფიქსირდა, სადაც სმოგის დონე, ჯანმოს რეკომენდაციასთან შედარებით, 15-ჯერ მაღალი იყო.

რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებმაც ორგანიზაციის რეკომენდაცია შეასრულეს, ესენია: ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, გრენადა, ესტონეთი და ისლანდია.

მკვლევრები იტყობინებიან, რომ ჰაერის ხარისხის კონტროლი ამიერიდან გართულდება, რადგან შეერთებულმა შტატებმა გლობალურად მონიტორინგის მექანიზმები შეაჩერა. განვითარებადი ქვეყნების დიდ ნაწილში ჰაერის დაბინძურების გასაზომი ერთადერთი ხელსაწყო აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებზე დამონტაჟებული მოწყობილობები იყო, რომლებიც, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჟამად გაუქმებულია. სახდეპი მიზეზად ბიუჯეტის შემცირებას ასახელებს, რის გამოც ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ვებგვერდზე 17-წლიანი მონაცემები წაიშალა.

“ქვეყნების უმრავლესობას მონაცემთა სხვა, რამდენიმე წყარო აქვთ, თუმცა [სახდეპის] გადაწყვეტილება ყველაზე მწვავედ აფრიკაზე აისახება, რადგან [ამერიკული მოწყობილობები] ხშირად ერთადერთი საშუალებაა ჰაერის დაბინძურების ლაივ-რეჟიმში მონიტორინგისთვის”, - განაცხადა IQAir-ის წარმომადგენელმა Reuters-თან.

მონიტორინგით დგინდება, რომ 2024 წელს ჩადში, მყარი ნაწილაკების, PM2.5-ის კონცენტრაცია ერთ კუბურ მეტრ ჰაერზე 91.8 მიკროგრამი იყო. ჯანმოს რეკომენდაციით, PM2.5-ის კონცენტრაცია 5 მიკროგრამს არ უნდა აღემატებოდეს, რაც მხოლოდ ქალაქების 17%-ში დაფიქსირდა.

IQAir-ის ცნობით, ინდოეთში, რომელიც ინდექსით ყველაზე დაბინძურებულ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს ჩადის, ბანგლადეშის, პაკისტანისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ, ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია წლიურად 7%-ით, 50.6 მიკროგრამამდე შემცირდა. თუმცა, ამასთან, მსოფლიოს 20 ყველაზე დაბინძურებულ ქალაქს შორის, 12 სწორედ ინდოეთში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები