დონალდ ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი Warner Brothers Discovery-ს შეძენისთვის მიმდინარე ბრძოლას გამოეთიშა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი საინვესტიციო ჰოლდინგი Affinity Partners-ი დახმარებას აღარ გაუწევს დევიდ ელისონის Paramount Skydance-სს, რომელმაც გასულ კვირას სწორედ კუშნერისა და სხვა პარტნიორების დახმარებით გააჟღერა $108.4-მილიარდიანი შეთავაზება.
თუ WBD ტედ სარანდოსის Netflix-ის $82.7-მილიარდიან ინიციატივაზე უარს იტყოდა და Paramount-ის კოლოსალური მოცულობის შეთავაზებას დათანხმდებოდა, თითო აქციისთვის ინვესტორები $30 დოლარს მიიღებდნენ. სავარაუდოა, რომ ჯარედ კუშნერის საინვესტიციო ჰოლდინგის პროცესიდან გასვლის შემდეგ დევიდ ელისონის კომპანია სხვა მხარდამჭერის მოძიებას შეეცდება.
ცნობისთვის, ამერიკული კინოინდუსტრიის გიგანტის, Warner Brothers Discovery-ს შეძენით დღეს ორი მსხვილი მოთამაშე, Netflix-ი და Paramount Skydance-ი არიან დაინტერესებული. ტედ სარანდოსის სტრიმინგ პლატფორმა ინვესტორებს კონკურენტზე გაცილებით ნაკლები მოცულობის თანხას სთავაზობს, თუმცა მათი ინიციატივა კომპანიის სრულად შეძენას არც ისახავს მიზნად. Netflix-სს WBD-ს კინოინდუსტრიის, მათ შორის HBO-ს შეძენა სურს, ტრამპთან დაახლოებული მულტიმილიარდერის, ლარი ელისონის ოჯახის სურვილი კი მთლიანად კომპანიის შესყიდვაა, რაც შტატების პრეზიდენტისადმი კრიტიკული წამყვანი ამერიკული ტელეარხის, CNN-ის შეძენასაც გულისხმობს.
უცნობია, რა ნაბიჯს გადადგამს დევიდ ელისონი პოზიციების გასაძლიერებლად და $108.4-მილიარდიანი შეთავაზების შესანარჩუნებლად, თუმცა პოზიციები მყარად არც Netflix-სს უკავია. თუ WBD-ს ინვესტორები უმსხვილესი სტრიმინგ პლატფორმის შეთავაზებას დათანხმდებიან, გარიგების ოფიციალურად გაფორმებას შტატების მარეგულირებლის თანხმობა მაინც დასჭირდება. ამ კუთხით კი გამოწვევა კონკურენციის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევაა. ცნობისთვის, თუ Netflix-ი HBO-ს ჩაიგდებს ხელში, ის ჯამურად 418-მილიონიან აუდიტორიაზე გავა. ეს მაშინ, როცა მეორე ადგილზე მყოფ Amazon-ის სტრიმინგ პლატფორმას მხოლოდ 200 მილიონი მაყურებელი ჰყავს.




























