როგორც კაფე-ბარ “პოლიტიკას” დამფუძნებელი ესმა ბერიკიშვილი ამბობს, მათი შემოწმება გასულ შაბათს, გვიან ღამით მოხდა, რის შედეგადაც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა. ბერიკიშვილის განმარტებით, ობიექტი ინსპექტირების სამსახურმა პირველივე შემოწმებაზე დააჯარიმა და მათ აქამდე გაფრთხილება არ მიუღიათ.
“სამზარეულოში ჭურჭელი უნდა გაირეცხოს 65 გრადუს ტემპერატურაზე, ამასაც კი ვაკმაყოფილებდით, თუმცა შარი მოგვდეს იმაზე, რომ ჩვენი გაცხელების ქვაბი, თავიდანვე 65 გრადუსზე ვერ ცხელდება და მაშინვე ვერ ირეცხება ჭურჭელი ამ ტემპერატურაზე.
გავზომეთ და 2 -მეტრიან დისტანციას მაგიდებს შორის და 1-მეტრიან დისტანციას სკამებს შორის ვიცავდით, თუმცა თვითონ არც გაუზომავთ, მართლა მტკაველებით გადაზომეს და დაასკვნეს, რომ არ არის ეს რეკომენდაცია შესრულებული.
ჯარიმა დაგვიწერეს იმაზეც კი, რაც არ უწერიათ თავიანთ რეკომენდაციებში, მაგალითად ის რომ მიმტანები გარეთ უნდა ემსახურებოდნენ მაგიდებს პირბადით და ფარითაც, მაგაზეც დაგვაჯარიმეს, როცა ჩვენი მიმტანები მხოლოდ პირბადეებით ემსახურებოდნენ”-აცხადებს ესმა ბერიკიშვილი კაფე-ბარ “პოლიტიკას” დამფუძნებელი.




























