"ქართული ოცნების" დეპუტატებმა ერთ კვირაში მთელი რიგი ამკრძალავი და შემზღუდველი ნორმები მიიღეს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება. ამასთან, "ოცნების" დეპუტატებმა გასულ კვირაში გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილებაც მიიღეს, რაც თამბაქოს აქციზზე და აზარტულ თამაშებზე გავრცელდება, კიდევ ერთი ცვლილებით გაუქმდა საგადასახადო შეღავათი მცირე მეწარმეებისთვის. ჯამში ამ ცვლილებებით ბიუჯეტში ₾400 მილიონით მეტის მობილიზება იგეგმება. ასევე ოცნების დეპუტატებმა ცვლილებები შეიტანეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რაც ამარტივებს საჯარო მოხელეთა გათავისუფლებას, ასევე თანამდებობის პოზიციებზე პირების კონკურსის გარეშე დანიშვნას. კიდევ ერთი ცვლილება დაჩქარებული წესით საარჩევნო კოდექსის შეცვლას უკავშირდება, რაც მიმართულია 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული წარმომადგენლობის შემცირებისკენ, რასთან დაკავშირებითაც ევროპის საბჭომ უკვე გამოაქვეყნა საკუთარი კრიტიკული დასკვნა.
გაზრდილი გადასახადები:
საგადასახადო კოდექსის ცვლილებებით, სიგარეტზე აქციზი 20 თეთრით, 1.90 ლარამდე გაიზრდება, ამასთან, 15 თეთრით 1.85 ლარამდე იზრდება გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის აქციზის განაკვეთი. ეს ცვლილება ბიუჯეტში 83.5 მილიონი ლარის მობილიზებას გამოიწვევს.
ამავე ცვლილებებით 5%-ით, 20%-მდე გაიზარდა ონლაინ აზარტული თამაშების მოგების გადასახადი, რომლითაც ბიუჯეტში 115 მილიონი ლარის მობილიზება იგეგმება.
ოცნების საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მშენებლობის სექტორში დასაქმებული მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათის გაუქმებას უკავშირდება. ცვლილება ძალაში ფინანსთა სამინისტროს მიერ მოთხოვნილი 1 იანვრის ნაცვლად, 1 თებერვლიდან შევა, თუმცა მისი მეშვეობით მომდევნო წელს 200 მილიონი ლარის მობილიზება იგეგმება.
ჯარიმები აქციებზე ნიღბის ტარების, ლაზერის გამოყენების და აქციებში ავტომობილით მონაწილეობაზე, ასევე გაათმაგდა და ზოგ შემთხვევაში გაოცმაგდა სხვა ჯარიმები - საია-ს მიმოხილვა
სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.
შეკრების მონაწილეებს ასევე აეკრძალებათ თან იქონიონ „ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას, ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას“, - აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისთვის სანქცია, ასევე, 2000 ლარი იქნება.
შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა კოდექსის 1741 მუხლის მე-4 ნაწილის ახალი რედაქციის მიხედვით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები.აღნიშნული ნორმები უკავშირდება აკრძალულ ადგილებში აქციების და მანიფესტაციების ჩატარებას, აკრძალული მოწოდებების გაკეთებას, აკრძალული ნივთების ქონას და მონაწილეთა მცირე რაოდენობის მიუხედავად გზის გადაკეტვას.ძველი რედაქცია ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ახალ რედაქციაში ჯარიმების ოდენობა, შესაბამისად, არის 5 000 ლარი და 15 000 ლარი.
ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული 125-ე მუხლის 61 ნაწილი აქამდე ითვალისწინებდა ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ახალი მოწესრიგებით, ასევე გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისთვის (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება.
ჯარიმის ოდენობა იზრდება და 1000 ლარი ხდება, 50 ლარის ნაცვლად.იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა (150-ე მუხლის მე-2 ნაწილი) 500-ის ნაცვლად 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.მსგავსად არის გაზრდილი ჯარიმების ოდენობა აღნიშნული მუხლის სხვა ნაწილებისთვის:მსგავსად არის გაზრდილი ჯარიმების ოდენობა აღნიშნული მუხლის სხვა ნაწილებისთვის:- სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.
აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 000 ლარისა, ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.- ტერიტორიის იერსახის დამახინჯება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 000 ლარისა. განმეორებით იგივე ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა.- ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.
მსგავსად იზრდება სანქციები 1502-ე მუხლის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება) შემთხვევაშიც: - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით, ნაცვლად 1 000 ლარისა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 000 ლარისა. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა.- ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 000 ლარისა. განმეორებით იგივეს ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა.
ვანდალიზმი გაზრდილია ჯარიმების ოდენობა ვანდალიზმის მუხლის (1662 მუხლი) პირველი და მეორე ნაწილებისთვის, შესაბამისად, 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარი და 500 ლარის ნაცვლად 2000 ლარი.
გაფართოვდა პირთა დაკავების საფუძვლები
აღსანიშნავია, რომ, ასევე, იზრდება იმ საფუძველთა ჩამონათვალი, რომელთა გამოც დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. კოდექსში უკვე არსებულ საფუძვლებს ემატება:
- - სამართალდამრღვევის სასამართლოში დროულად წარდგენა;
- - საქმის გაჭიანურების თავიდან აცილება;
- - ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობისთვის თავის არიდების პრევენცია;
- - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია.
საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლების გამარტივება
"ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები. იურისტ თამარ სურმავას განმარტებით, ეს ცვლილებები მოიცავს:
ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად. ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან.
თამარ სურმავას თქმით, ეს რამდენიმე რამეს ნიშნავს:
- პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს - იგივე შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს, როგორიცაა მაგალითად დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა, შეიძლება შეუწყდეთ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს, 1 თვით ადრე, გაფრთხილების პირობით. ასეთ დროს მიიღებენ მხოლოდ 1 თვის კომპენსაციას.
- პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების - შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირების [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის, მაგალითად მინისტრის უფლებამოსილების ვადას. ხოლო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა, იწვევს აწ უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უფლებამოსილების შეწყვეტას.
- შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე, როგორიცაა დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა, კადრებს პირდაპირ დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დანიშნავენ. კონკურსი საჭირო აღარაა.
- სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკი მიღწევა და მოხელის სერტიფიკატი სავალდებულო მოთხოვნა აღარაა. ეს მაშინ, როცა აქამდე დაქვემდებარებაში მყოფ პირს სერტიფიკატი ესაჭიროებოდა.
ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, როგორიცაა მაგალითად მინისტრი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს პირს ამ საჯარო დაწესებულებიდან ან უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულს. ასეთი შეიძლება იყოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე ან ამავე დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე.
ეს ნიშნავს იმას, რომ კადრების სწორად შერჩევაზე პასუხისმგებელნი ხდებიან დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, ხოლო მათი გათავისუფლება არის ძალიან მარტივი - საჭიროა მხოლოდ ერთი თვით ადრე გაფრთხილება.
ახალი რედაქციით, ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე 6 თვეში ერთხელ შემოწმდება, ნაცვლად წელიწადში ერთხელ შემოწმებისა.
ეს ნიშნავს, რომ მოხელეებს წელიწადში 2 ჯერ შეაფასებენ და ორივეჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლდება.
„აქამდე, ეს პროცესი მოითხოვდა 2 წელს. ასევე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები [მაგალითად დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა.] აღარ ექვემდებარებიან შეფასებას.
ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს - მაგალითად მინისტრს - მოხელის შეფასების უფლება მიეცა, მისი შეფასების მომენტიდან 1 თვის განმავლობაში.
„ეს ნიშნავს, რომ შეფასების შესაცვლელად საჩივარი აღარ არის საჭირო. არსებობს რისკი, რომ მისი გამოყენება მოხდეს ურჩი უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გადასაფარად. მაგრამ ურჩად ყოფნა გაჭირდება, რამდენადაც შუა რგოლის მენეჯმენტის გათავისუფლება უკვე მარტივია. შეფასებამ კი მომავალში შეიძლება გავლენა იქონიოს მოხელის წახალისებაზე, კლასის მინიჭებაზე, სამსახურიდან გათავისუფლებაზე თუ სხვა.
ახალი რედაქციით, თუ მოხელე არადამაკმაყოფილებელ შეფასებას მიიღებს, მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20%, მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.
ეს ნიშნავს, რომ თუ მოხელემ მიიღო არადამაკმაყოფილებელი შეფასება, ან დაწესებულების ხელმძღვანელმა შეცვალა და შეაფასა არადამაკმაყოფილებლად, მას უნდა დაუკავდეს თანამდებობრივი სარგოს 20%.
მაგრამ, რამდენი ხანი უნდა დაუკავდეს? - სვამს კითხვას თამარ სურმავა და ასკვნის, რომ კანონმდებელს ამაზე ბევრი არ უფიქრიათ.
„მითითებულია - „მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.“ ანუ თუ შესაფასებელი პერიოდი დასრულდა პირველ ექვს თვეში - მაგალითად ივნისის ბოლოს, ახალი შესაფასებელი პერიოდი იწყება უკვე ივლისში. შესაბამისად, რა პერიოდი უნდა დაუკავდეს მოხელეს ხელფასი ბუნდოვანია."
ახალი რედაქციით, მოხელის სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში მას არ მიეცემა არანაირი სახის კომპენსაცია. რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების თაობაზე მოხელეს უნდა ეცნობოს 1 თვით ადრე. 1 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას მოხელე მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 1 თვით ადრე არ აცნობებენ.
ახალი რედაქციით, მოხელის სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრება ამ აქტის მოქმედებას არ აჩერებს. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხელეს სამსახურში არ აღადგენენ. მას მიეცემა მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია.
საარჩევნო კოდექსის შეცვლა
"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უკვე მიიღო. ახალი კანონის მიხედვით, 2025 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იგივე წესით ჩატარდება, როგორითაც 2017 წელს ჩატარდა, ხოლო 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების მიღებული წესები უქმდება.
"ამ ფორმატის მიხედვით, თვითმმართველი თემის საკრებულო დაკომპლექტდება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისაგან და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან, სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისგან. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, იქნება 2 მაჟორიტარი, სადაც 10 000-ზე მეტია და 20 000-ზე ნაკლები, იქნება 3 მაჟორიტარი, სადაც 20 000-ზე მეტია და 35 000-ზე ნაკლებია, იქნება 4 მაჟორიტარი და სადაც 35 000-ზე მეტია, იქნება 5 მაჟორიტარი. ეს წესი არ ვრცელდება ერთადერთი ქალაქ თბილისზე, სადაც, როგორც გითხარით, აღდგენილი იქნება ის სისტემა, რომლითაც ადრე იყო დადგენილი, რომ იქნება არჩეული 25 პროპორციული სისტემით და 25 მაჟორიტარული სისტემით, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ თითოეული საარჩევნო ოლქი [...] ცესკომ განსაზღვროს, ასე ვთქვათ, თავისი ტერიტორიული პრინციპების მიხედვით დაყოს და, შესაბამისად, თითოეულ საარჩევნო ოლქს რამდენიმე მაჟორიტარი განუსაზღვროს". - განაცხადა კანონპროექტის ავტორმა გივი მიქანაძემ.