მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯარიმები 30 000 ლარამდე - საბურავებისა და ჯართის განთავსებაზე სანქციები მთელ საქართველოში გავრცელდება

მეორადი საბურავი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანა იგეგმება, რომელიც ითვალისწინებს თბილისის გარდა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც 1000-დან 30 000 ლარამდე ჯარიმების შემოღებას - მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე.

შესაბამისად, სანქციები, რომლებიც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისში ამოქმედდა სხვა მუნიციპალიტეტებზეც გავრცელდება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათით, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა, ცვლილებები უკავშირდება ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების პრევენციას.

"დღესდღეობით სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პრობლემას ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურება წარმოადგენს. დაბინძურების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების არასწორად განთავსება ან/და რეალიზაცია",- წერია დოკუმენტში.

კანონპროექტით, შესაბამისი მუნიციპალიტეტები შეძლებენ მსგავსი წესის შემუშავებას, რომლის დარღვევისთვისაც დაწესებულია შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციები. კერძოდ:

  • მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი მასალების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას - 5000 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15000 ლარით. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 10000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 10000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 30000 ლარით.
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდაა განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოიწვევს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას ფიზიკური პირის შემთხვევაში 1000 ლარის ოდებით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 2500 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 5000 ლარით. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 5000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15000 ლარით.

კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 ოქტომბერს.

კანონპროექტის ავტორები/ინიციატორები არიან: მაია ბითაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ანტონ ობოლაშვილი, შოთა ხაბარელი, ანზორ ბოლქვაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, დავით დოლიძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, სალომე ჯინჯოლავა, დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი ზარქუა, ვარლამ ლიპარტელიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები