მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯარიმების თანხის პროდუქციის ფასში ასახვა მოგვიწევს” - დისტრიბუტორები პარკირების პრობლემაზე

645dfb7598179
ანუკა ჯოხაძე
13.05.23 22:32
3723
თუ სადისტრიბუციო მანქანების პარკირების საკითხი არ მოგვარდება, ჯარიმების თანხის პროდუქციის ფასში ასახვა მოგვიწევს, - ეს განცხადება BM.GE-თან დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ გააკეთა.

მისი თქმით, 5-ჯერ გაზრდილი ჯარიმების ფონზე სადისტრიბუციო კომპანიებს ხარჯი კიდევ უფრო მეტად გაეზარდათ. როგორ ჭყონია ამბობს, ქალაქში გამოყოფილი საპარკინგე სივრცეები საკმარისი არ არის, რის გამოც, სასურსათო მაღაზიების მომარაგება ისევ პრობლემურ საკითხად რჩება.

როგორც დისრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, თბილისის მერიის მხრიდან გამოყოფილმა საპარკინგე ადგილებმა არსებული პრობლემა ვერ მოაგვარა. მათი თქმით, საპარკინგე ადგილები საკმარისი არ არის, რის გამოც ხშირად სადისტრიბუციო მანქანები ჯარიმდებიან.

ჭყონიას თქმით, ჯარიმებს არავინ გაურბის, მაგრამ თვის განმავლობაში ყოველი კომპანიის შემთხვევაში გამოწერილი ჯარიმების ოდენობა რამდენიმე ათასი ლარია. ჭყონია ამბობს, რომ ამ მიმართულებით ევროპული გამოცდილების გამოყენება ერთ-ერთი გამოსავალია, რაც სადისტრიბუციო მანქანების შესაბამისი სტიკერებით მონიშვნას და მათთვის გარკვეული შეღავათების ამოქმედებას გულისხმობს.

“იმ ერთ საპარკინგე ადგილზე, რომელიც გამოყოფილია, როცა ერთი სადისტრიბუციო მანქანა მიდის, ხოლო მეორე მოლოდინის რეჟიმშია, მას უკვე ჯარიმა ეწერება. არის ამ პრობლემის მოგვარების კარგი გამოცდილება. ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის გარკვეული ბაზა, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიეწოდება, ამ ბაზაში მოხვედრილი მანქანები არის დაბრენდილი, გარკვეული ჰოლოგრამა აქვს მიკრული, ჩართული აქვთ ციმციმა, როცა უწევთ მეორე ზოლში გაჩერება, აქვთ მანიშნობელი უკან დადებული და ისე ამარაგებენ მაღაზიებს. მათ არანაირი ჯარიმა არ ეწერებათ.

თუ ეს პრაქტიკა აქ არ შემოვიდა, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით. როცა მთავრობის მხრიდან არის თხოვნა, რომ მოხდეს ფასების კლება. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა შეუწყობს ხელს იმას, რომ კომპანიებს ფასებში მოუწევთ კოლოსალური ჯარიმების გათვალისწინება.

აქ არ არის 100 და 200 ლარზე საუბარი, აქ არის ათასობით საჯარიმო სანქციაზე საუბარი, რომლის გადახდაც კომპანიებ უწევთ”, - აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.

როგორც ცნობილია, სადისტრიბუციო კომპანიები დედაქალაქში შესაბამისი საპარკინგე არეალების გამოყოფას წლებია ითხოვენ. რამდენიმე თვის წინ დარგობრივმა ასოციაციამ შესაძლო საპარკინგე ადგილების ჩამონათვალიც მიაწოდა თბილისის მერიას, მაგრამ როგორც ბიემჯის მერიაში განუცხადეს კერძო სექტორის მხრიდან შეთავაზებული 550 ადგილიდან, დაკმაყოფილდა მხოლოდ 130 საპარკინგე ადგილის მოთხოვნა. მათი თქმით, დანარჩენი მოთხოვნილი ადგილები ძირითადად ტროტუარზე ან გზის სავალ ნაწილზე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები