მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯარს ამოაცალეს თანხები და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს" - კალაძე EU-ს მიერ საქართველოს ჯარისთვის €30 მილიონის დახმარების გაყინვაზე

თბილისის მერია
09.07.24 21:30
714

„ხელისუფლება უზრუნველყოფს, ჯარმა მიიღოს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ“, - თბილისის მერმა მედიასთან ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განაცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა საქართველოს ჯარისთვის 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იყო და არის, ქვეყნის ინტერესების დაცვა.

„ერთ შესწორებას შევიტან, კი არ გაუყინავთ, ჯარს ამოაცალეს თანხები და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს. ეს არის მათი დემოკრატია, მიდგომები. ჯარს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშვიდობო მისიებში მიეღო მონაწილეობა თუნდაც ავღანეთში, აფრიკაში. მადლობებს ვიღებდით იმისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები სამშვიდობო მისიებში დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილები, იმაზე მეტნი იყვნენ, ვიდრე ნატოს ქვეყნებიდანაც. დღეს კი გამოდის ევროკავშირი და ამბობს, ჯარისთვის განკუთვნილ თანხას აუქმებენ და აძლევენ ლომჯარია-გიგაურს. ჯარს არაფერი მოაკლდება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯარმა მიიღოს ის, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ.

ხელისუფლება იცავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში უკრაინიზაცია განხორციელდეს. მშვიდობა შენარჩნუნდება სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს. არანაირ სანქციებში ჩართვას არ ვაპირებთ. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველო ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) მილიონობით ევროს ვეღარ მიიღებს. როგორც ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, 30 მლნ ევრო, რომლის გადარიცხვაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, გაყინულია. ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან ერთად, ეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია, რაც ევროკავშირმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საპასუხოდ გადადგა.

EPF-დან საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის მაისში მიიღო. თავდაპირველი გეგმით, თანხა 3-წლიან პერიოდს დაფარავდა და მოხმარდებოდა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა და მომსახურების დაფინანსებას, მოთხოვნის შემთხვევაში, ტექნიკური მომზადების ჩათვლით. უფრო დეტალურად, მოიაზრებოდა საინჟინრო, ბრძანება-კონტროლის, სამედიცინო, ლოგისტიკის და კიბერთავდაცვის აღჭურვილობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები