რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ეფესბე) ბრიტანელ დიპლომატებს აკრედიტაცია შეუჩერა. მოსკოვი ექვსივე მათგანს ჯაშუშობასა და საბოტაჟში დებს ბრალს, თუმცა ეფესბე-ს გადაწყვეტილება უკრაინისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ გაწეული დახმარების გამო კრემლის გაღიზიანებაზე მიუთითებს - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ოფიციალურ განცხადებაში ბრიტანეთი რუსეთის გადაწყვეტილებას "აბსოლუტურად უსაფუძვლოს" უწოდებს და აცხადებს, რომ ეს კრემლის მხრიდან საპასუხო ქმედებაა მას შემდეგ, რაც მაისში გაერთიანებული სამეფოდან რუსეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი გააძევეს და ქვეყანაში არსებულ რამდენიმე რუსულ ობიექტს დიპლომატიური სტატუსი ჩამოართვეს.
რუსეთმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის ოფიციალურ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა. კირ სტარმერისა და ჯო ბაიდენის შეხვედრის თემა კიევისთვის დასავლეთში დამზადებული რაკეტების რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების ნებართვის მიცემაა.
მანამდე, 12 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთი რუსეთთან პირისპირ ომში ჩაებმებოდა, თუ იგი უკრაინას თავისი წარმოების რაკეტების რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების უფლებას მისცემდა.